ოპოზიციური პარტიები გმობენ ბურჯანაძის პარტიის აქტივისტების დაკავებას
არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს ნინო ბურჯანაძის პარტიის ცხრა აქტივისტის დაკავების ფაქტი, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დაშინების და 9 აპრილის აქციის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ეჭვების გაჩენის მცდელობა.
”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების ქმედება არის ღია პროვოკაცია, მცდელობა დააშინონ ოპოზიცია და დაბადონ ეჭვი 9 აპრილის აქციის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, ”ვაფრთხილებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს პროვოკაციული მოქმედებები, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ახალგაზრდები და ყველა პოლიტპატიმრები”.
ამ განცხადებას დღეს სახალხო დამცველი ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი.
”როდესაც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ერთდროულად იქნა დაკავებული, ეს რა თქმა უნდა, გავს იმას, რომ პოლიტიკური ზეწოლის მანქანა ამოქმედდა უკვე,”- განუცხადა ჟურნალისტებს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ”ჩვენ დაველოდებით სამართალდამცავების კონკრეტულ განმარტებებს და შემდეგ უკვე ჩვენს რეაგირებას მოვახდენთ”.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტების დაკავებაზე საგანგებო განცხადებას დღეს 20 საათზე გააკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა მათ იარაღის უკანონო ტარებაში დასდონ ბრალი.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უკვე სახეზეა ”პოლიტიკური რეპრესიები”.
”თუ აქვთ [ხელისუფლებას] კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, რომ ვინმე შეიარაღებული აჯანყების გზით ან რაიმე არაკონსტიტუციური გზით აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას, მაშინ გვითხრას – განაცხადა მან.
”მე არ მეგულება ოპოზიციაში ისეთი ძალა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას დააპირებს უცხო ქვეყნის ფულით ანდა იარაღით. ეს არის გამორიცხული და ამას არავინ არ აპირებს,”- განაცხადა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ცალკე განცხადება გაავრცელა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, სადაც დაგმობილია ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების ”პოლიტიკური ნიშნით დევნის” ფაქტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)