იარაღის შეძენის ბრალდებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა იარაღის უკანონო შესყიდვის ბრალდებით, რომლებიც შესაძლოა შეთქმულებას გეგმავდნენ.
შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმე არ უკავშირდება ათი ადამიანის დაპატიმრების საქმეს, საიდანაც ცხრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ასოცირდებიან.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქმე სავარაუდოდ ოპოზიციის მიერ აპრილში დაგეგმილი საპროტესტო აქციების კონტექსტში იქნება განხილული.
”როგორც გუშინ შეგპირდით, დღეს გამოვაქვეყნებთ დამატებით მტკიცებულებებს. დღევანდელ მტკიცებულებებში ფიგურირებს მალხაზ გველუკაშვილი და ლაშა ჩხენკელი. აღნიშნულ მტკიცებულებებში ჩანს მინიშნება კონკრეტულ პიროვნებებზე, მათ გეგმებზე, ჯგუფებზე, რომლებმაც ეს გეგმები უნდა განახორციელონ და მათი დაფინანსების წყაროებზე. იმის გამო, რომ დღეს გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, სამინისტრო თავს იკავებს დასკვნების გაკეთებისაგან,” – განუცხადა უტიაშვილმა ჟურნალისტებს.
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება შეიცავს რამდენიმე ფარულად ჩაწერილ ვიდეო და აუდიო მასალას, სადაც ორი ადამიანი – გველუკაშვილი და ჩხენკელი – ფარულ აგენტებთან, რომლებიც იარაღის დილერების როლში გამოდიან, განიხილავენ 60 კაცისთვის ცეცხლსასროლი იარაღის და ჯავშანჟილეტების შესყიდვის პირობებს. ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ადამიანი, რომელიც შსს-ს ცნობით გველუკაშვილია, ეუბნება ”იარაღის დილერს”, რომ მას სჭირდება ცეცხლსასროლი იარაღი 60 კაცისთვის და ასევე აცხადებს, რომ ჯგუფი კონტროლს დაამყარებს სატელევიზიო ანძაზე აპრილში, როდესაც ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.
მალხაზ გველუკაშვილი მოძრაობა ”საქართველოს გადარჩენისთვის” წევრია. ეს მოძრაობა გასულ წელს შეიქმნა, თუმცა ქართულ პოლიტიკაში აქტიური მოთამაშე არ ყოფილა.
გველუკაშვილი, რომელიც მისი მეგობრების და ნათესავების თქმით, მეტაფიზიკოსია, პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილა. თუმცა, მისი სახელი ცნობილია ზოგიერთი ქართული გაზეთის მკითხველებს შორის, რომელშიც იგი სტატიებს აქვეყნებდა და ხელისუფლებას აკრიტიკებდა; რამდენიმე ინტერვიუში იგი ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას უკეთებს ანალიზს. ერთ-ერთ ასეთ ინტერვიუში ქართულენოვან გაზეთ Georgian Times-თან გველუკაშვილი აცხადებდა, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნებოდა 2010 წლისთვის, რომელიც, მისი თქმით, არ შეეხება საქართველოს, რადგანაც იმ დროისთვის ქვეყანას ბრძენი ლიდერები ეყოლება. იგი ასევე წინასწარმეტყველებდა, რომ ინდოეთი, რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირი 2010 წლისთვის დაიშლება. მისმა ნათესავებმა და ნაცნობებმა განაცხადეს, რომ ისინი შოკირებული და განცვიფრებული არიან გველუკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო; მათ ასევე განაცხადეს, რომ მათ ბრალდებების არ სჯერათ.
23 მარტს დაპატიმრების შემდეგ გველუკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებულს, სავარაუდოდ, იარაღის შესყიდვის და შეთქმულების მოწყობის მცდელობის ბრალდებებს წაუყენებენ. თუმცა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ იარაღის უკანონო შესყიდვის ბრალი აქვს წაყენებული.
მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის დაფინანსების წყაროების დადგენასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ აუდიო მტკიცებულებაში მამაკაცი, რომელიც შსს-ს ცნობით, გველუკაშვილია, ამბობს, რომ ის დაუკავშირდა ”მათ საზღვარგარეთ” და ფულის უქონლობა დაიჩივლა. ”მათ მითხრეს, რომ 150 000 უკვე მოდის,” – ამბობს ეს ადამიანი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)