ალასანია ფრთხილ კომენტარს აკეთებს დაკავებულ აქტივისტებზე
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცებულების სახით ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტის მხილების მიზნით წარმოდგენილი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით საკმარისად დამაჯერებელი არ არის დასკვნების გასაკეთებლად.
”ჯერ ოფიციალურ გამოძიებასაც არ გაუკეთებია საბოლოო დასკვნა; ამიტომ, ამას უნდა დაველოდოთ,” – განაცხადა ალასანიამ 25 მარტს ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” გაკეთებულ მოკლე კომენტარში.
ათი ადამიანი, მათ შორის ცხრა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან – დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო – ასოცირებული პირები 23 მარტს იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააპატიმრეს. გარდა ამისა, პოლიციამ ცალკე დააკავა ორი ადამიანი ასევე იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით.
24 მარტს პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში ”პირველი თემა” საუბრისას, რომ იგი პირველი იქნება, ვინც მოითხოვს დამნაშავეების დასჯას – არა აქვს მნიშვნელობა, რომელიც პარტიის წევრები იქნებიან ისინი – თუ, მისი თქმით, წარმოდგენილი იქნება მათი ბრალეულობის დამადასტურებელი, მყარი მტკიცებულება. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ზედმიწევნითი და დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა დადგინდეს თუ რა პირობებში მოხდა მათი მოპოვება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)