ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია მზად არის ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაყიდოს

ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია ”ყაზმუნაიგაზმა” განაცხადა, რომ ის გაყიდის თბილისის გაზის გამანაწილებელ კომპანიას, თუ მოხდება ქსელში განხორციელებული ინვესტიციების ”კომპენსირება”.

”ჩვენ განვაცხადეთ შარშან შემოდგომაზე, რომ მზად ვართ გავყიდოთ თბილგაზი,” – იტყობინება ყაზახეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”ყაზმუნაიგაზის” ხელმძღვანელის კაირგელდი კაბილდინის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება 25 მარტს ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

”ყველაფერი, რისი შეძენაც შეიძლება, შეიძლება ასევე გაიყიდოს – აქ მხოლოდ ფასს აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მზად ვართ გავყიდოთ იმ პირობით, რომ მოხდება "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ჩვენი ინვესტიციების, ვალების დაფინანსების და ფინანსური დახმარების კომპენსირება,”- განაცხადა მან.

ამავე ინფორმაციით, ”ყაზმუნაიგაზის” ინვესტიციებმა 2006 წლიდან 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

16 მარტს თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. კომისიის ცნობით, ამ ღონისძიების გატარება იმის გამო გახდა საჭირო, რომ კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა, მათ შორის 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ, მიღებული ბუნებრივი გაზისათვის.

”სპეციალური მმართველი – თემურ კოპალიანი – კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებამდე და მიწოდებული გაზის საფასურის ანაზღაურებამდე იმუშავებს,” – განაცხადა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა გურამ ჩალაგაშვილმა 16 მარტს. ”იგი განახორციელებს კომპანიის მხოლოდ დროებით მენეჯმენტს. ”ყაზტრანსგაზი-თბილისის" აქციათა პაკეტი  და უძრავი აქტივები კომპანიის მფლობელის საკუთრებაში დარჩება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)