ბაქრაძე ოპონენტებს ვითარების განმუხტვისთვის დიალოგს სთავაზობს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა განიხილოს რამდენიმე კომპრომისული ნაბიჯი.
”ვითარების განმუხტვის ერთადერთი გზა ყოველთვის არის დიალოგი,”- განუცხადა მან ქართულ ტელეკომპანიებს, ”კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასეთი დიალოგისთვის მზად ვართ და მზად ვართ არა რიტორიკულად, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით”.
მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნა, რაშიც ძირითადად საპარლამენტო პარტიები არიან ჩართულები. ბაქრაძის თქმით, ამაში ”სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას”.
”ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ რამდენიმე სხვა ნაბიჯიც, რომელიც მოემსახურება სწორედ დიალოგს და დიალოგისთვის ნორმალური გარემოს შექმნას,”- აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)