პოლიცია ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებზე დამატებით ჩანაწერებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 მარტს სამი ცალ-ცალკე ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც სამინისტროს თქმით, ამხელს ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებს – ზურაბ ავალიანს, დავით გოგროჭაძეს და როინ ბუღაშვილს იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რომლებიც უკავშირდება ”იარაღის გამოყენების გეგმებს” და ”სამოქალაქო ომის პროვოცირებას”.

პირველ ჩანაწერში ჩანს, სავარაუდოდ, რესტორნის მაგიდის გარშემო მჯდომი ოთხი პიროვნება. აქედან ორი ადამიანი სავარაუდოდ პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ბათუმის ოფისის აქტივისტები ზურაბ ავალიანი და დავით გოგროჭაძე არიან. ორი დანარჩენი მამაკაცის სახე შეგნებულად დაფარულია ჩანაწერში. იმ ხმების თანახმად, რომელიც ჩანაწერში ისმის (კარგად არ ჩანს ვინ საუბრობს), საუბარია იმაზე, თუ რამდენი მხარდამჭერის მობილიზება გახდება შესაძლებელი. ერთი ხმა ამბობს: ”შეიძლება თოფიც დაგვჭირდეს”.

მეორე ჩანაწერში ჩანს, სავარაუდოდ, აქტივისტი ბურჯანაძის პარტიის ბათუმის ოფისიდან კიდევ ორ ადამიანთან ერთად დაფარული სახეებით, რომელიც ამოწმებს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს, მათ შორის კალაშნიკოვის ტიპის და სნაიპერულ იარაღს.

მესამე ვიდეოჩანაწერში ჩანს მამაკაცი, სავარაუდოდ, როინ ბუღაშვილი, რომელიც ესაუბრება რამოდენიმე ადამიანს – ერთ-ერთი მათგანი საუბარს სავარაუდოდ ფარული კამერით იწერდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საუბარი პარტიის ისანი-სამგორის რაიონულ ოფისშია ჩაწერილი. მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ბუღაშვილია, ეუბნება თანამოსაუბრეებს არეულობის პროვოცირების თაობაზე და აცხადებს: ”ეგ იცოდეთ, რომ ნინოს ხალხს ომი აწყობს. ოღონდ მიშა წავიდეს. აქ ხალხი რა მომენტია, ვალები გვაქვს… ნეტავ ომი დაიწყოსო. არ მკიდია მიშაო..”  შემდეგ ერთი მამაკაცი ოთახში კითხულობს: ”ეგეთ ხალხს იღებთ [პარტიაში]?” ბუღაშვილი პასუხობს: ”ნინოს სჭირდება ეგ ხალხი… ლომბარდებს ავწევთ ჰაერშიო… სულ ცხინვალში გადავიყვან მანქანებსო… აზრზე ხარ რა დონეზე ეზიზღებათ მიშა, რომ ოღონდ მიშა წავიდეს და ომსაც დავიწყებთო… ოღონდ მიშა წავიდეს ყველაფერზე მიდიან”.

24 მარტს პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში ”პირველი თემა” საუბრისას, რომ იგი პირველი იქნება, ვინც მოითხოვს დამნაშავეების დასჯას – არა აქვს მნიშვნელობა, რომელიც პარტიის წევრები იქნებიან ისინი – თუ, მისი თქმით, წარმოდგენილი იქნება მათი ბრალეულობის დამადასტურებელი, მყარი მტკიცებულება. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ზედმიწევნითი და დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა დადგინდეს თუ რა პირობებში მოხდა მათი მოპოვება.  
   
ბურჯანაძემ ასევე არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი დაკავებული მისი პარტიიდან შესაძლოა განზრახ იყო ”ჩანერგილი” სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პროვოკაციული ქმედებებისთვის.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)