ოპოზიციის აქტივისტებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობები შეუფარდეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან –  დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო – ასოცირებულ 7 აქტივისტს და კიდევ ერთ პირს.

კერძოდ, დავით გოგრაჭაძეს, ზურაბ ავალიანს, როინ ბუღაშვილს, მამუკა შენგელიას, ვახტანგ ნარსიას, გიორგი ვასილის ძე ბოლაშვილსა და გიორგი გიას ძე ბოლაშვილს და სავარაუდოდ, პარტიასთან კავშირის არ მქონე გიორგი ცერცვაძეს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში. ამასთან, მამუკა შენგელიას, რომელიც ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის მძღოლია, დამატებით ბრალად ედება  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში არ არის ნახსენები ბურჯანაძის პარტიასთან ასოცირებული კიდევ ორი პირი  – ვახტანგ თუშმალაშვილი და ნუგზარ გოგრიჭიძე, რომლებიც დანარჩენებთან ერთად 23 მარტს თბილისსა და ბათუმში აიყვანეს, როგორც ამას სახალხო დამცველის ოფისი პარტიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა. ამ პიროვნებების ბედი გაურკვეველია.

სასამართლოს განცხადებით, წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე განაჩენი ეყრდნობოდა მოწმეთა ჩვენებებს, ფარულ ჩანაწერებს და სხვა მტკიცებულებებს.  

”სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ვარაუდი, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში კვლავ განაგრძობენ დანაშაულებრივ საქმიანობას,” – ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში, ”გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულნი არ არიან სხვა პირები, შესაძლოა ბრალდებულები დაუკავშირდნენ ამ უკანასკნელებს და ხელი შეუშალონ გამოძიების მსვლელობას”.

დღესვე საქალაქო სასამართლომ ცალკე საქმეზე ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ”მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრებს ლაშა ჩხენკელსა და მალხაზ გველუკაშვილს, რომლებიც ბრალდებულნი არიან სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად ამბოხების მომზადებაში და ასევე, ტერორისტული აქტის მომზადებაში, ”ე.ი. აფეთქების მომზადებაში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)