ბაქრაძე მიესალმა ობამას განცხადებას ნატოზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი ”მოხარულია” აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადების გამო, რომ ნატოს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ ალიანსში გაწევრიანება.
”ეს არის ის პოზიცია და ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნამდვილად მივესალმებით, ვინაიდან ეს არის ის პოზიცია და პოლიტიკა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერას. მე მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება საჯაროდ დაეფიქსირებინა აბსოლუტურად მტკიცე პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით,” – განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
25 მარტს ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა: ”ჩვენ ასევე განვიხილეთ ის როლი, რომელსაც ნატო ასრულებს რუსეთთან მიმართებაში და როგორ განიხილავს ეს ადმინისტრაცია, ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის განახლებას, მაგრამ იმ გზით, რომელიც შეესაბამება ნატოს წევრობას და ასევე შეესაბამება საჭიროებას, რომ გაიგზავნოს ნათელი სიგნალი ევროპაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ კვლავაც ერთგული დავრჩებით იმ რწმენისა, რომ იმ ქვეყნებს, რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება, აქვთ შესაძლებლობა გაწევრიანდნენ ნატოში”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა: ”ბევრი რამ არის, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ნატოს სჭირდება რუსეთი და რუსეთს სჭირდება ნატო, ამიტომ მოდით ვიმუშავოთ იმ საკითხებზე, რაზეც ვთანხმდებით და მოდით ნუ დავმალავთ ჩვენს უთანხმოებებს და მოდით გავაცნოებიეროთ, რომ ამ ურთიერთობას შეუძლია და, ჩემი აზრით, უნდა გაძლიერდეს… როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ერთი წუთის წინ, ნატოს კარი ღია რჩება ახალი წევრებისთვის, თუ ისინი შეასრულებენ კრიტერიუმებს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)