ბაქრაძე ”რადიკალური ოპოზიციის შეცდომაზე” საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 9 აპრილს საპროტესტო აქციას გეგმავენ, ”საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდიეს” და ”ვერ ხედავენ ამ კუთხიდან გამოსვლის რაიმე სტრატეგიას”. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ იმედი აქვს ეს პარტიები 9 აპრილის შემდეგ მაინც გახდებიან უფრო კონსტრუქციულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ვარაუდით, საპროტესტო აქცია ოპოზიციის მოთხოვნის შესრულებით არ დასრულდება.

24 მარტს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ვაშინგტონში განთავსებული კატოს ინსტიტუტში გამოსვლისას ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიები სამ სეგმენტად დაყო – ერთი, რომელსაც წარმომადგენლობა გააჩნია პარლამენტში; მეორე, რომელიც 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყების ინიციატორია, რომელსაც ბაქრაძემ ”რადიკალური ოპოზიცია” უწოდა; და მესამე, რომელიც მისი თქმით, გამოხატავს ხელისუფლებასთან დიალოგის მზადყოფნის ნიშნებს.       

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ”შედარებით კარგად მუშაობს საპარლამენტო ოპოზიციასთან”. მან ასევე განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა, რადგანაც საპარლამენტო პარტიებმა შეძლეს ერთ მთავარ წესზე შეთანხმება – ”ჩვენ ვებრძვით ერთმანეთს პოლიტიკურად, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ზიანს არ ვაყენებთ ქვეყანას ჩვენი პოლიტიკური კარიერის გამო”.

გარდა საპარლამენეტო ოპოზიციისა ბაქრაძემ ასევე ახსენა ”პოლიტიკური პარტიების ნაწილი”, რომელიც მან არ დააკონკრეტა და რომელთანაც, მისი თქმით, ხელისუფლება ამჟამად კონსულტაციებს მართავს.

”ისინი ცდილობენ ძალიან შორს არ წავიდნენ რადიკალურობაში და ავლენენ გარკვეულ ნიშნებს იმისა, რომ თანახმა არიან იყვნენ ამ ღია და დემოკრატიული სისტემის ნაწილი,” – განაცხადა ბაქრაძემ.

”რადიკალური ოპოზიციის” შესახებ საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა: ”მათთვის, მე ვფიქრობ, მთავარი შეცდომა იყო საკუთარი თავის კუთხეში მიმწყვდევა იმის გამო, რომ კონკრეტული თარიღები დაასახელეს [9 აპრილი] და რადიკალური მოთხოვნებით ძალიან შორს წავიდნენ”.

”ეს რადიკალები არ ავლენენ კომპრომისის რაიმე ნიშნებს ან რაიმე სურვილს დიალოგში ჩაერთონ ამ ეტაპზე,” – განაცხადა მან, ”მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილიც კი უფრო კონსტრუქციული გახდება 9 აპრილის შემდეგ და შეგახსენებთ, რომ 9 აპრილი არის რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოლო ვადა, როდესაც ხელისუფლება უნდა წავიდეს და პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს. არსებითად ეს სიახლეს არ წარმოადგენს, რადგანაც ბოლო სამი წლის მანძილზე შემიძლია დაგისახელოთ ოთხი თუ ხუთი სხვადასხვა თარიღი, როდესაც ამ ხელისუფლების მმართველობა უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ხელისუფლება კვლავაც ადგილზეა”.

”ამრიგად, 9 აპრილი ახალი ვადაა და როგორც მე ვთქვი, მიმაჩნია, რომ რადიკალური ოპოზიციის ფუნდამენტური შეცდომა იყო ამ კონკრეტული დღის დასახელება, რადგანაც ამით მათ საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდიეს,” – განაგრძო მან, ”რა მოხდება, როდესაც მოვა 9 აპრილის საღამო და სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტი იქნება და მე ისევ პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები? რას აკეთენებ ეს ბიჭები ამის შემდეგ? ეს არის ფუნდამენტური შეკითხვა და ვშიშობ, რომ მათ თავად არ აქვთ ამაზე ნათელი პასუხი”.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი 9 აპრილიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება.

კითხვაზე, თუ როგორ ახსნის ის ნინო ბურჯანაძის ”გარადიკალებას”, ბაქრაძემ უპასუხა: ”ვფიქრობ, მის შემთხვევაში ეს ასე თუ ისე ნათელია, რადგანაც დიდი ხნის მანძილზე ის ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა”.

”მთელი მისი კარიერა ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ასოცირდება; ამიტომაც, როდესაც მან ოპოზიციაში წასვლა გადაწყვიტა, იგი მიხვდა, რომ ერთადერთი გზა, რითიც მას შეეძლო ამგვარი ასოცირების განადგურება და ახალი იდენტურობის შექმნა, იყო ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკური განწყობის ჩამოყალიბება. იგი რამდენადაც შეეძლო ჩამოშორდა ხელისუფლებას ძალიან რადიკალური განცხადებების გაკეთების გზით”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)