ვადამდელი არჩევნები არ განიხილება – მიხეილ მაჭავარიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ განიხილავს ან ვადამდელი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს.
ქართული პრესა წერდა ბოლო დღეებში, რომ ხელისუფლება შესაძლოა განიხილავდეს ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესთავაზების საკითხს, ნაცვლად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა, როგორც ამას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მოითხოვს. ეს ვარაუდი მოყვა ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის გახმოვანებულ ინიციატივას დაიწყოს დიალოგი საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, რომ ეს წინადადება შესაძლოა გახდეს ოპოზიციასთან მსჯელობის საკითხი. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სისტემის ამგვარი ცვლილება არასწორად მიაჩნია. ამის შესახებ ქართულმა ტელევიზიებმა 27 მარტს განაცხადეს.
მიხეილ მაჭავარიანმა 27 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
”ქვეყანაში არის რთული სიტუაცია,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვხედავთ, რომ შედგეს დიალოგი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. პრიორიტეტებს ვიტყვი – ეს არის: ქვეყნის უსაფრთხოება, შემდეგ ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, უმუშევრობასთან ბრძოლა, ეკონომიკური კრიზისი და ყველა პოლიტიკური საკითხი. მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ უნდა ამ პრობლემების მოგვარებაზე ვიფიქროთ, ნაცვლად იმისა, რომ ფული ვხარჯოთ არჩევნებზე”.
იმავდროულად, იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ, ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ აქციების ორგანიზაციულ საკითხებზე. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას 26 მარტს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო. 25 მარტს მან განაცხადა, რომ ალიანსი შეუერთდება 9 აპრილის საპროტესტო აქციას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)