აშშ ქართულ არმიას გაწვრთნის – ამერიკელი გენერალი
ამერიკის შეერთებული შტატები გაწვრთნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლის დროსაც ყურადღება საქართველოს თავდაცვაზე გამახვილდება, განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გენერალმა კართრაითმა თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას გენერალმა კართრაითმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების შეფასება აგვისტოს ომის შემდეგ დაეხმარა წვრთნის პრიორიტეტების დადგენაში და იმის განსაზღვრაში, თუ რა აღჭურვილობაა საჭირო საქართველოს თავდაცვისთვის.
”ჩვენ დავიწყებთ წვრთნით. ეს არის ჩვენი საქმიანობის ღერძი და საფუძველი, თუმცა წვრთნა მიმართული იქნება საქართველოს თავდაცვისკენ, მის საკუთარ და შიდა თავდაცვაზე და ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, რათა მივაღწიოთ ამისთვის საჭირო მომზადების დონეს და ვიმუშავოთ, როგორც პარტნიორებმა საჭირო აღჭურვილობის თვალსაზრისით,” – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ მზადაა მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რანგით ქვეყნის მეორე სამხედრო პირის ვიზიტი ნიშნავს, რომ ”სამხედრო-პოლიტიკის სფეროში საქართველო და აშშ გადადიან თანამშრომლობის სრულიად ახალ, ხარისხიან, მაღალ ეტაპზე”.
”იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რისკი არის მაღალი და პროვოკაციები გრძელდება, იმ პირობებში, როდესაც მთლიანად რეგიონში შეიქმნა რთული ვითარება, ნურავის ნუ ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ გააგრძელებს თანამედროვე მაღალი დონის, ბევრად უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, შეიარაღების, ჯარისკაცებისა და პერსონალის რაოდენობის გაზრდას და რაც მთავარია, მომზადების დონის ამაღლებას, რათა ჩვენი ქვეყანა ბევრად ეფექტიანად დავიცვათ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”რა თქმა უნდა 3-4 წელიწადში არმიები არ იქმნება. უდავოა, რომ წინა წლებში განხორციელებული წვრთნები გათვლილი არ იყო ფართომასშტაბიანი ომის წარმოებაზე – ეს იყო სამშვიდობო-პოლიციური ოპერაციები, მაგრამ ჩვენ ახლა ვამზადებთ ხარისხობრივად განსხვავებულ შეიარაღებულ ძალებს,” – დასძინა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს კოალიციურ ძალებში ავღანეთში. ”ამის შესახებ გესაუბრეთ თქვენ, ბატონო გენერალო და მივწერე პრეზიდენტ ობამას,”- განაცხადა მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)