სააკაშვილი: ბრძოლა გრძელდება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას და ”ჩვენი ბრძოლა დამთავრდება საქართველოს სრული დეოკუპაციით”.
”ნურავის გონია, რომ საქართველო ოდესმე შეეგუება თავისი ტერიტორიის ოკუპაციას, ნურავის გონია, რომ საქართველო არ გააგრძელებს სახელმწიფოს გაძლიერებას, ნურავის გონია, რომ ჩვენ, განსხვავებით წინა სამარცხვინო მთავრობებისგან, ხელს მოვაწერთ რაიმე ახალ კაპილანტურ ხელშეკრულებებს და ხელს მოვაწერთ საქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცებას,” – განაცხადა მან. ”ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენი ბრძოლა დამთავრდება საქართველოს სრული დეოკუპაციით, განთავისუფლებით და მტრის ბოლო ჯარისკაცის განდევნით საქართველოს ტერიტორიიდან. ამაში მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მაგრამ მთავარი გზა ჩვენი ბრძოლის, ჩვენი მთავარი გზავნილი ჩვენი ხალხისადმი არის ის, რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ დღეს საქართველოს ეკონომიკა, როგორც საფუძველი ქართული სახელმწიფოებრიობის, შევქმნათ ახალი ქართული სახელმწიფო”.
სააკაშვილმა ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის გახნის ცერემონიაზე გააკეთა. ახალ შენობაში სამინისტროს ადმინისტრაციის ნაწილი და საპატრულო პოლიცია გადავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)