ბაქრაძე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმა იმ განცხადებას, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს განსხვავებული პოზიციები აქვთ აგვისტოს ომის ”მიზეზებსა და მოვლენათა თანამიმდევრობაზე”.

ეს პოზიცია 1 აპრილს ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაქ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა ერთობლივ განცხადებაში გაახმოვანეს. მოგვიანებით, 3 აპრილს ბარაქ ობამამ განაცხადა: ”მე ვაკრიტიკებდი რუსეთის შეჭრას საქართველოში”.

”რუსეთის მხარის მოსაზრება აგვისტოს ომის მიზეზებზე ყველამ კარგად ვიცით,”- განაცხადა ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე, ” რაც შეეხება აშშ-ის შეფასებას თუ რა მოხდა აგვისტოში და რატომ დაიწყო ომი, მეორე დღეს პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ ძალიან მკაფიოდ  დააფიქსირა პოზიცია – მან პირველად გამოიყენა ტერმინი ინტერვენცია, შეიარაღებული შეჭრა. შეგახსენებთ, ეს არის ტერმინი, რომლითაც ფასდებოდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული შეჭრა ავღანეთში. ასეთი ტერმინის გამოყენება და მთლიანობაში ძალიან მკაფიო შეფასება ამ პროცესის, მე ვფიქრობ, ხსნის ყველანაირ კითხვის ნიშანს, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება აგვისტოს აგრესიის მიმართ და რამდენად აქტიურად გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა”. 

”ეს არის უმნიშვნელოვანესი შეფასება და პოლიტიკური განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის,”- დასძინა ბაქრაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)