პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება
პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ავლაბრის რეზიდენციაში დახურულ შეხვედრას მართავს, სადაც განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა.
მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდება სპეციალური განცხადება იმ თემებზე, რაზეც ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგში კომპრომისებზე წავიდეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა 6 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგში მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივებად გააფორმოს.
მმართველმა პარტიამ ოპონენტებს დიალოგი 31 მარტს სამი თემის – ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და დასაქმება; უსაფრთხოების საკითხები და დემოკრატიული რეფორმები – ირგვლივ შესთავაზა. მოგვიანებით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მისი ინიციატივაა, რომ მერები პირდაპირი წესით 2010 წლის გაზაფხულზე იქნენ არჩეული, ნაცვლად შემოდგომისა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მის ამ წინადადებას უმრავლესობაში ყველა არ ეთანხმება.
თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 9 აპრილიდან ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს, ამ შეთავაზებებს ”არაადეკვატური” უწოდა. ოპოზიციამ ასევე განაცხადა, რომ მზადაა სააკაშვილთან მისი თანამდებობიდან წასვლის თაობაზე საჯარო დიალოგი გამართოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)