ლავროვი საქართველოზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს აშფოთებს ის ფაქტი, რომ სამხედრო რიტორიკა არ ცხრება თბილისში. მან ასევე აღნიშნა, რომ ”არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ახალი პროვოკაციები მზადდება”.
”სამწუხაროა, რომ ამ ფონზე თბილისის ცალკეული მეგობრები კვლავ არიან დაკავებულნი სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღებით,” – განაცხადა მან რუსულ გაზეთ ”როსიისკაია გაზეტა”-სთან ინტერვიუში, რომელიც 6 აპრილს გამოქვეყნდა.
ქვემოთ მოცემულია ამონარიდი ინტერვიუდან, სადაც ლავროვი საქართველოს შესახებ საუბრობს:
”სააკაშვილთან მიმართებაში რაიმე ილუზიები არ გვაქვს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი, პრაქტიკულად მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვცდილობდით დაგვერეგულირებინა საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა. პუტინის დავალებით 2005 წლის დასაწყისში მე თბილისში ჩავედი. სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან [სალომე ზურაბიშვილთან] მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქარძთველოდან ორი დარჩენილი რუსული სამხედრო ბაზის დაჩქარებული გაყვანის თაობაზე. ამასთან ერთად, სააკაშვილი დათანხმდა შეთანხმებების პაკეტზე: ჩვენ გაგვყავს ბაზები (და ისინი უფრო ადრე გავიყვანეთ, ვიდრე მოვილაპარაკეთ), ვქმნით ერთობლივ რუსულ-ქართულ ანტიტერორისტულ ცენტრს, რაც ხაზს გაუსვამდა ჩვენს სწრაფვას თანამშრომლობისკენ უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო საქართველო მიიღებდა კანონს იმაზე, რომ მის ტერიტორიაზე არასდროს იქნებოდა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო ბაზები.
შეთანხმების ჩვენი ნაწილი შევასრულეთ. სააკაშვილმა არაფერი არ შეასრულა. იყო მხოლოდ ზომიერი კონტაქტები ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, რომელიც შემდეგ ქართულმა მხარემ შეწყვიტა. უკვე მაშინ გამოჩნდა ამ ადამიანის უუნარობა მოლაპარაკებების წარმოებაზე.
რაც შეეხება აგვისტოს მოვლენებს, არ არსებობს ფაქტების უკმარისობა, რომელიც უამრავი წარმოადგინეს რუსულმა მხარემ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა, დასავლელმა ექსპერტებმა და ჟურნალსიტებმა.
ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა კომისია ამ ფაქტების გამოსაძიებლად. ჩვენ მასთან ვთანამშრომლობთ. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდა, რომ ამ კომისიასთან ითანამშრომლოს ყველამ, ვინც ასე თუ ისე უკავშირდებოდა აგვისტოს მოვლენებს, რათა კომისია აქტიურად ჩაერთოს იმ ქვეყნების როლის დადგენაში, რომლებიც საქართველოს აიარაღებდნენ, შეხედოს, თუ რა ტიპის იყო ეს შეიარაღება, რომელი არხებით ხდება მისი მიწოდება, მხოლოდ ლეგალური არხებით, თუ ფარულადაც, რა ფასებში, როგორ შეესაბამება ეს იმ კოდექსებს, რომლებიც ევროკავშირმა და ეუთომ მიიღეს და რომლებიც ითვალისწინებს შეტევითი იარაღის მიწოდების აკრძალვას კონფლიქტური ზონებისთვის.
8 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ორი კონფლიქტური ზონა იყო, რომლებიც ასეთებად აღიარეს გაეროს და ეუთოს გადაწყვეტილებებმა. ამასთან ერთად, ყველა მზად იყო ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში. სხვათაშორის, ამის თაობაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განუცხადა სააკაშვილს შარშან 6 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის დროს. იმ შეხვედრის შედეგად ისინი შეთანხმდნენ წინ წასულიყვნენ მოგვარების საქმეში, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი ხელს მოაწერს ცხინვალთან და სოხუმთან ძალის არგამოყენების შეთანხმებებს.
ყველა ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა ივლისის ბოლოს ქართულმა მხარემ კვლავ გამოიჩინა მოლაპარაკებების წარმოების უუნარობა და უბრალოდ შეწყვიტა ჩვენ მიმართვებზე პასუხის გაცემა. შემდეგ მოხდა თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. საქართველოს მიერ გამოყენებული შეიარაღების რაოდენობა და ხარისხი იმაზე მეტყველებს, რომ ის არ იყო საპოლიციო ოპერაცია, არამედ ეს იყო ნამდვილი სამხედრო ოპერაცია, რომელმაც აგრესიის ფორმა მიიღო.
გვაწუხებს ის ფაქტი, რომ დღეს თბილისში არ ცხრება სამხედრო რიტორიკა. არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ახალი პროვოკაციები მზადდება. სამწუხაროდ, ამ ფონზე თბილისის ცალკეული მეგობრებმა კვლავ დაიწყებს სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)