ვადამდელი არჩევნები არ განიხილება – თარგამაძე

მმართველი პარტია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების და არც რეფერენდუმის შესაძლებლობას არ განიხილავს, მაგრამ ოპოზიციას სანაცვლოდ სთავაზობს ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შესაცვლელად პირობების შექმნას, განაცხადა გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ.

”გამომდინარე იქიდან რასაც ჩვენ ვაღიარებთ – ეს არის კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილებისა – ჩვენ ვცდილობთ, რომ თუ ვინმეს აქვს დისკომფორტი, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არასამართლიანად არის განაწილებული სხვადასხვა პოზიციები და ეს უშლის ამ გზით სიარულს, ჩვენ ვთავაზობთ, რომ აქ ყველაფერი გავასუფთავოთ და დავალაგოთ ისე, რომ არავის არ ქონდეს პრობლემა იმისათვის, რომ სწორედ კონსტიტუციური გზით იზრუნოს ხელისუფლების ცვლილებაზე და საკუთარი ძალის მოყვანაზე ხელისუფლების სათავეში,”- განუცხადა Civil.ge-ს 6 აპრილს გივი თარგამაძემ.

მისი თქმით, ”ძალიან საღი” წინადადებაა მერების პირდაპირი წესით არჩევნები 2010 წლის გაზაფხულზე, ნაცვლად შემოდგომისა. ამ ინიციატის შესახებ გასულ კვირას თბილისის მერმა გიგი უგულავამ გამოაცხადა, როგორც ოპოზიციასთან დიალოგში შესაძლო კომპრომისი. თუმცა მან იქვე დასძინა რომ ეს მისი პირადი მოსაზრება იყო.

”ეს არის გამოწვევა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ამ საკმაოდ მოახლოებულ მოვლენის [ადგილობრივი არჩევნების] დროს დაამტკიცოს საკუთარი სიძლიერე,”- განაცხადა თარგამაძემ, ”ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ესეთი ტიპის არჩევნების თუნდაც იმ შემთხვევაში რომც არ გვქონდეს ძალიან მყარი პოზიციები”.

მისი თქმით, მმართველი პარტია თავაზობს საარჩევნო კოდექსის და ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლაზე დიალოგს ოპოზიციას, ”რაც რეალურად მისცემს მათ საშუალებას რომ არჩევნების გზით მოიპოვონ გამარჯვება, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ”.

9 აპრილს დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ პროტესტს საკმაოდ მშვიდად ხვდება.  ”თუ იქნება კანონის დარღვევები, ის იქნება, რა თქმა უნდა, აღკვეთილი,”- განაცხადა თარგამაძემ.

მისი თქმით, აქციებთან დაკავშირებით ხელისუფლებას საკუთარი პასუხისმგებლობა გააჩნია, ”მაგრამ აქციის მიმდინარეობაზე, ფორმებზე წესრიგზე აქციის დროს არის პასუხისმგებელი სწორედ ოპოზიცია – აქციის საორგანიზაციო ჯგუფი”.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები 9 აპრილს პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს გეგმავს.

იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმა ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დიალოგს და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესს გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა პარტიებიც შეუერთდებიან.

6 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ შესთავაზა დიალოგი 9 აპრილის აქციების მხარდამჭერ ძალებს  – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე; სამომავლო საკონსტიტუციო რეფორმასა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე; ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე; დემოკრატიის ხარისხის გაზრდაზე; ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

”ჩვენი მხრიდან არსებობს კონკრეტული მზადყოფნა კონკრეტულ თემებზე,”- განაცხადა მან, ”ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისაკენ, რომ დავანახოთ ყველას, რომ ქვეყანაში არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდება ნორმალური, პოლიტიკური დიალოგის პირობებში”.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ შეთავაზებას მათი მოთხოვნის – გადადგეს სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები – ”არაადეკვატურს” უწოდებს და ”დიალოგის იმიტაციის” მცდელობად აფასებს.

ბიუროს სხდომაზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დიალოგის მოტივაცია გაუჩინოს 9 აპრილის ორგანიზატორ პარტიებს, რადგან როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიცია, რომელთანაც ხელისუფლება დიალოგს აწარმოებს, ”არ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელიც ძაბავს პოლიტიკურ ატმოსფეროს ქვეყანაში”.

”არის ნაწილი პოლიტიკური პარტიების, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთ დიალოგს დღეს აზრი არ აქვს,”- განაცხადა საპასუხოდ დავით ბაქრაძემ, ”მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ პარტიების ნაწილი მაინც დაინახავს, რომ დიალოგის გზა არის ბევრად უფრო პერსპექტიული, ვიდრე რადიკალური მოქმედებები”.

6 აპრილს სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გამართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლევან ვეფხვაძემ, დეპუტატმა პარტიიდან ჩვენ თვითონ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ და ამავე პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო სამოქალაქო საზოგადოების რამოდენიმე წარმომადგენელი.

შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მათ იმსჯელეს შესაძლო საკონსტიტუციო რეფორმის მომზადების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ. 

”ეს ხანგრძლივი პროცედურაა და ამას სჭირდება ყველა დეტალი განვიხილოთ,”- განუცხადა შაშკინმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტი არ აქვს მომზადებული. მისი თქმით, ამ თემაზე დიალოგია საჭირო და არა ცალმხრივი გადაწყვეტილებები. ”ჩვენთვის ყველა თემა არის გახსნილი და ველოდებით მათგან წინადადებებს,” – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)