სააკაშვილი ობამას და ნატოს განცხადებებს მიესალმება
პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ბარაქ ობამას ბოლოდროინდელ განცხადებებს და ნატოს ლიდერთა პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში.
”არასდროს არ გაუკეთებია [აშშ-ის] წინა ადმინისტრაციას იმის ნახევარი განცხადებები, რაც ახლა გააკეთა ობამამ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”წინა ადმინისტრაცია ამბობდა ასე – ძალის გადამეტება [აგვისტოს ომთან მიმართებაში]. ძალის გადამეტება კი არა, თქვა ამ კაცმა [აშშ-ის პრეზიდენტმა] შეჭრა, აგრესია, ოკუპაცია. დაარქვა ყველაფერს თავისი სახელები – ეს არის მხარდაჭერა”.
”მხარდაჭერა არის ის, რომ ნატომ ძალიან ზუსტად თქვა – საქართველო შევა ნატოში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად. ყველაფერი ეს არის ასევე მძიმე მუშაობის და შრომის შედეგი,”- განაგრძო მან.
პრეზიდენტმა ეს სატელევიზიო განცხადება ქუთაისის ავტოქარხანაში სტუმრობისას გააკეთა, სადაც დღეს ხელი მოეწერა ეგვიპტურ და ქართულ კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ.
”თუ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა შევინარჩუნეთ და გადავარჩინეთ… რანაირად უნდა წაიღონ ჩვენი ტერიტორიები, როცა ყველაფერ ამის დამნახავი მსოფლიოს მხარდაჭერა იქნება ჩვენს მხარეს,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”როცა ქვეყანა არის წარმატებული ყველას უნდა შენთან მეგობრობა და შენი მხარდაჭერა, როცა ქვეყანას აქვს მოთმინების უნარი, გამძლეობის უნარი, ერთიანობის უნარი, სტაბილურობის შენარჩუნების უნარი და ახალი ინვესტიციები მოზიდვის უნარი, ამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)