ოპოზიცია პროტესტის გაშლილ ფრონტს გეგმავს – ბესელია
ახალგაზრდული მოძრაობის ”რატომ?” წევრები პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან 6 აპრილს. ფოტო: ინტერპრესნიუსი.
|
9 აპრილის აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები პროტესტის გაშლილი ფრონტით წარმართვას გეგმავენ, მათ შორის ყველა დიდ ქალაქში, რომლის ეპიცენტრიც თბილისი – რუსთაველის გამზირი იქნება.
”ვაპირებთ გადავინაწილოთ რამოდენიმე ცენტრალური ადგილი [თბილისში] და პარტიები შევერთდეთ სხვადასხვა მხრიდან, შემდეგ ვაპირებთ, რომ გამოვაცხადოთ გეგმა და სტრატეგია, შემდეგ იქნება ულტიმატუმის ვადა მიცემული სააკაშვილისთვის, რისი ამოწურვის შემდეგ, ვიწყებთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც იქნება მშვიდობიანი,”- აცხადებს გაზეთ ”რეზონანსთან” საუბარში ეკა ბესელია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წარმომადგენელი.
მისი თქმით, პიკეტირებული იქნება პრეზიდენტის რეზიდენციები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რათა მათ პირდაპირ ეთერში გააშუქონ აქციები.
”პირველ ეტაპზე იქნება ორი ან სამი ადგილი, თუმცა მთავარი ცენტრი იქნება იქ, სადაც წავა სააკაშვილი,”- აცხადებს ბესელია, ”თუმცა ცენტრალური კერა რუსთაველზე იქნება და არ მოიშლება”.
ბესელია ასევე აცხადებს, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გარკვეულ დეტალებს კონფიდენციალურად ტოვებს და აპირებს სააკაშვილს რამდენიმე სიურპრიზი მოუწყოს.
”რისი გათვლაც შეიძლება მაქსიმალურად ვითვალისწინებთ,”- აცხადებს ბესელია, ”რა ზომებსაც მიიღებს ხელისუფლება, ჩვენი სტრატეგია იმის მიხედვით შეიცვლება”.
იმვდროულად, ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა ადგილებში საპროტესტო აქციებს მართავენ. 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ახალგაზრდული ჯგუფის ”რატომ?” წევრებს პოლიციასთან მოუხდა შეხლა-შემოხლა. პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა, ხოლო თვითმხილველთა თქმით, პოლიციამ გაზეთ ”ვერსიის” ჟურნალისტს და ფოტოგრაფსაც მიაყენეს შეურაცხყოფა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)