სააკაშვილის თქმით, გადატრიალების მცდელობის ნიშნები არ ჩანს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 8 აპრილს ბრიუსელში განთავსებულ EUobserver.com-თან ინტერვიუში, რომ ისინი არ ელიან რაიმე ძალადობას მაშინ, როდესაც ოპოზიცია მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.
”საქართველოში ბევრი მანიფესტაციები ყოფილა წარსულში და არსებობს დიდი ოპოზიციური მობილიზაცია, მაგრამ ჩვენ არ ველით იმაზე მეტს, ვიდრე ფრანგები ელოდნენ მათი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მანიფესტაციებიდან,” – იტყობინება EUobserver.com-ი სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
”იმედი გვაქვს, რომ არ ვიხილავთ ძალადობას, როგორც ეს იყო ლონდონში და ათენში და არსებობს იმის კონსენსუსი, რომ თითოეული საპროტესტო აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. მთავარი რაც გვინდა, არის დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და არ ექვემდებარება რაიმე დესტაბილიზაციას,” – განაცხადა პრეზიდენტმა. ”გადატრიალებისთვის საჭიროა ბზარი სამხედრო ძალებსა და პოლიციაში და პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში. ამჟამად ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი თბილისის ცენტრში უკმაყოფილონი არიან თავიანთი სტატუსით, თუმცა რეგიონებში მათ თითქმის ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ”.
მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების სისტემა არასაკმარისადაა განვითარებული. ”თქვენ ნახავთ უამრავ ხალხს, რომელიც ერთი პარტიიდან მეორეში გადადის, ასევე ადამიანებს კრიმინალური კავშირებით, რომლებიც პარტიებში თავშესაფრის პოვნის მიზნით შედიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიები უნდა დავადანაშაულოთ, არამედ ეს პარტიების არასაკმარისი განვითარებაა. ეს საქართველოსთვის დროებითი პრობლემაა; როგორც კი პარტიები განვითარდება, ეს საკითხიც მოგვარდება,” – განაცხადა მან.
”ამ ქვეყანამ რამოდენიმე სამოქალაქო ომი და გარე აგრესია გადაიტანა. მას ძალადობის ცუდი ისტორია აქვს. ამ ეტაპზე ეს უსაფრთხო ქვეყანაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ გზით წავიდნენ, თუ ჩვენ ამის ნებას მივცემთ. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეზღუდავს პოლიტიკურ პარტიას,” – განაცხადა სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების დაკავების საკითხზე კომენტირებისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)