ოპოზიციონერი ლიდერები სააკაშვილთან საჯარო შეხვედრას ითხოვენ
ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადეს, რომ საჯაროდ, ღია ეთერში მიხეილ სააკაშვილთან მისი გადადგომის მოთხოვნით შეხვედრას გეგმავენ, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.
ამ წინადადებით მომიტინგეებს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მიმართა. მის გვერდით იდგნენ ყველა ოპოზიციონერი ლიდერები, თუმცა არ ჩანდა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
”მე უფლებამოსილი ვარ აქ წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის სახელით განვაცხადო შემდეგი: ჩვენი საერთო მოთხოვნის შემდეგ დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს,”- განაცხადა მან, ”ჩვენ გვინდა განვაცხადოთ ერთი რამ. ჩვენ ხალხის ნების შესაბამისად, ამ სამართლიანი მოთხოვნის შესაბამისად მინდა ჩვენი მოთხოვნა ვაქციოთ ეროვნული განსჯის საგნად და მას შევხვდებით მხოლოდ ღიად, მხოლოდ საჯაროდ და საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი საზოგადოების მონაწილეობით. ეს შეხვედრა უნდა იყოს საჯარო”.
თუმცა მას გამოსვლა მომიტინგეთა აგრესიულმა შეძახილებმა შეაწყვეტინეს, რომლებიც სკანდირებდნენ: ”მხოლოდ გადადგომა, მხოლოდ გადადგომა”.
ამის შემდეგ ალასანიამ მიკროფონთან ლევან გაჩეჩილაძე იხმო, რომელიც თავისი ემოციური გამოსვლით შეეცადა ხალხის გადარწმუნებას და იმის გარანტიაც მისცა, რომ შეხვედრა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შედგებოდა.
”გასაგებია, რომ ერთ მხარეს გიჟია, ჩვენ ხომ არ გავგიჟდებით,”- მიმართა ემოციურად მან მომიტინგეებს, ”საქართველო დგას ჩვენს უკან. ტელევიზორში მიხვალთ და ნახავთ, ვინ მიდის, სად მიდის და რას ილაპარაკებს. ჩვენ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე უნდა მოვიხადოთ… რა მნიშვნელობა აქვს სად მოხდება, იქნება კამერა და ნახავთ ცნობილ ადამიანებთან ერთად… მე საერთოდ არ მინდა იქ მისვლა. თქვენი პროტესტი გრძელდება, დაუმორჩილებლობა გრძელდება… მაგრამ ერთადერთი იარაღი უნდა წავართვათ და ჩვენს ჯიბეში უნდა ჩავიდოთ. აი ეს არის სიჭკვიანე… ჩვენ ვართ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებული… თუ არ მოხდა ეს პირდაპირ ეთერში, ერთი კაცი ვერ გაბედავს იქ მისვლას, ერთი კაცი! მე გპირდებით ამას. მხოლოდ საჯარო გამჭირვალე და მხოლოდ თქვენი ნებართვით. ძალიან გთხოვს ავწიოთ ხელები”.
თავის გამოსვლაში ირაკლი ალასანიას სატელევიზიო პირდაპირ ეთერში შეხვედრა არ უხსენებია. ის საუბრობდა სააკაშვილთან ამ შესაძლო შეხვედრაში საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირების მონაწილეობაზე.
შემდეგ მიტინგის მონაწილეებს საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და აღუთქვა, რომ ის იქნება გარანტორი, რომ ”საიდუმლო გარიგებები” არ მოხდება.
”საგანი ამ შეხვედრის იქნება ერთი და მხოლოდ ერთი – მისი გადადგომა. ფორმა იქნება ერთი და მხოლოდ ერთი – საჯარო და როგორც აქ ვართ თქვენ წინ, ისე ჩაგაბარებთ ანგარიშს, თუ რა იქნება შედეგი,”- განაცხადა მან.
ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა ბრიფინგზე სააკაშვილთან შეხვედრაზე ოპოზიციის ამ განცხადებების საპასუხოდ განაცხადა: ”ამ კონკრეტულ შეთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული განხილვის შედეგად ზუსტი პასუხი ამაზე გაცემული იქნება”.
იმავდროულად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან ორი მანიფესტაცია დაიძრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენტიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართულებით. ხალხის ეს ორივე ნაკადი საღამოს 9 საათზე ისევ პარლამენტის წინ მოიყრის თავს საინფორმაციო მიტინგზე.
ეკა ტყეშელაშვილმა ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გზების გადაკეტვის გეგმებთან დაკავშირებით განაცახდა, რომ ”მათ არანაირი ხელისშემშლელი წინაღობა არ ექნებათ საამისოდ” და პოლიცია ”ისევე იმოქმედებს, როგორც გუშინ და დღეს. ის ფაქტიურად ინტერაქციაში არ შევა საზოგადოებასთან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)