ოპოზიცია საპროტესტო აქციების მთელ საქართველოში გაშლას აპირებს

საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ, წვიმაში შეკრებილ მომიტინგეებს 11 აპრილს საღამოს განუცხადეს, რომ ორშაბათიდან დაიწყებენ თბილისსა და რეგიონებში მასობრივი დემონსტრაციებისა და პიკეტების მოწყობას.

”რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ [ხელისუფლება] ჩვენი გამძლეობის გამოცდას, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი საზოგადოების პასუხი,”- განაცხადა მიტინგზე რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, ”ფრონტს გავშლით და ეს ფრონტი მოედება მთელს საქართველოს. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ბრძოლა”. 

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა კვირას ბზობის დღესასწაულის გამო აქციის ერთი დღით შეწყვეტა გადაწყვიტეს და მოუწოდეს მოსახლეობას ”ქუდზე კაცი” გამოვიდეს მიტინგებზე ორშაბათიდან.

”ორშაბათიდან იწყება ახალი ტალღა, რომელიც ბევრად უფრო მძაფრი და მწვავე იქნება, ვიდრე იყო აქამდე,”- განაცხადა მიტინგზე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”ამიტომ მე მივმართავ ჩვენ თანამემამულეებს, ვინც ”მაესტროს” ან ”კავკასიის” ეთერით ადევნებთ თვალს, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოვიდეთ და ყველა აქ დავდგეთ, ეს ჩვენი ვალია, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ დავღლილვართ”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლა მშვიდობიანად გრძელდება და ”ოპოზიცია არსად შეჭრას არ აპირებს”

”სახლში ჯდომით არასოდეს შეცვლილა ცხოვრება სასიკეთოდ,”- განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”ტყვილა გონია სააკაშვილის, რომ გადააგორა საპროტესტო ტალღა”. 

ნინო ბურჯანაძემ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს მოთხოვნაში – გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი.

”ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა,”- განაცხადა მან, ”ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის და რჩება გადადგეს სააკაშვილი და ჩვენ მოთხოვნას აუცილებლად მივაღწევთ”.

იმავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, ძირითადად ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, რომ უცნობი პირები, ზოგიერთ შემთხვევებში, ნიღბებში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილებში ოპოზიციის აქტივისტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი ყველა ასეთ განცხადებას განიხილავს. სამინისტროს თქმით, ზოგიერთი ასეთი ინფორმაცია არ დადასტურდა და ამჟამად მიმდინარეობს სხვა ინფორმაციების გამოძიება. ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამგვარი ”მცირე ინციდენტები და პროვოკაციები” სახიფათოა, რადგანაც ისინი მხოლოდ დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)