მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ”დაბანაკდებიან”

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეთა ნაწილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გადაინაცვლებს და 24 საათის განმავლობაში გამართავს აქციას.

”ჩვენ იქ  დავბანაკდებით და უფრო ახლოდან გავაგონებთ მას [პრეზიდენტ სააკაშვილს] ჩვენ მოთხოვნას,”- განუცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ მიტინგზე.

”იმავდროულად, აქ დარჩება რუსთაველის გამზირზე აქციის ძირითადი კერა და ყოველდღიურად ჩვენ შევიკრიბებით 3 საათზე სწორედ აქ რუსთაველის გამზირზე და 4 საათზე გაკეთდება საგანგებო განცხადებები ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ, რის შემდეგაც დავიძრებით როგორც ავლაბრის რეზიდენციის მიმართულებით, ასევე თუ საჭირო იქნება სხვა მიმართულებითაც,”- განაცხადა მან აქციის ორგანიზატორი პარტიების სახელით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)