ოპოზიცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან კარვებში დაბანაკდა
ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთი კამპანია გააძლიერეს და 13 აპრილს თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კარვები გაშალეს.
ავლაბრის რეზიდენციასთან ოცდაათამდე კარავი გაიშალა 24-საათიანი საპროტესტო აქციის ფარგლებში. იმავდროულად, ოპოზიციის აქტივისტებმა უკვე მეხუთე ღამე გაათენეს პარლამენტის წინ.
შუაღამისას პრეზიდენტის რეზიდენციის წინ რამოდენიმე ასეული აქტივისტი იყო შეკრებილი, რომლებიც სტვენითა და სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული დევიზებით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს.
სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციის შიგნით განლაგდნენ, მშვიდად უყურებდნენ მომიტინგეებს ღობის შიგნიდან, რომელიც რეზიდენციას იმ ქუჩისგან ყოფს, სადაც ოპოზიციის აქტივისტები დაბანაკდნენ.
იქ იმყოფებოდნენ ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერი, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი.
”ჩვენ უფრო მეტ კარვებს გავშლით სხვა ადგილებშიც,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ მაშ შემდეგ, რაც თავად გაშალა კარავი.
”ეს არის მოქალაქეთა ნების მშვიდობიანი გამოხატულება,” – განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ასევე იქ იმყოფებოდა.
პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი შეისმენს ხალხის მოთხოვნას.
13 აპრილს საპროტესტო აქციების ”ახალი ტალღა” დაიწყო, როგორც ამას ოპოზიცია უწოდებს.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ. მომიტინგეთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე შაბათ-კვირას, თუმცა ნაკლები, ვიდრე აქციების დაწყების პირველ დღეს, 9 აპრილს.
იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა ჟურნალისტებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა განიხილოს კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა მოითხოვს ”ნდობას პოლიტიკურ ძალებს შორის და ნორმალურ პოლიტიკურ დიალოგს”.
მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განაცხადა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ განიხილავს ამგვარ ვარიანტს.
იმავდროულად, ეკა ბესელიამ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, განუცხადა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს: ”არანაირი თანამდებობები, არანაირი ადგილები მთავრობაში; სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას ალტერნატივა არ გააჩნია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)