თბილისში ”პროვოკაციის მოწყობის” მცდელობის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კუზნეცოვი, რომელიც პუტინის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის ”ნაში” აქტივისტებთან ერთად პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა.
შსს-ის ცნობით, ალექსანდრე კუზნეცოვი გადაცემული იქნება შვეიცარიის საელჩოსათვის, რომელიც საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
”16 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კუზნეცოვი, რომელიც მისივე განცხადებით არის ვლადიმირ პუტინის ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ნაში”-ს წევრი,” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ.
”მისი აღიარებით, მას დავალებული ჰქონდა ცხინვალიდან ორგანიზაცია ”ნაში”-ს აქტივისტების გადმოყვანის ორგანიზება. მათი გეგმის თანახმად, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთისას უნდა მომხდარიყო პროვოკაცია, კერძოდ, რუსი აქტივისტების თანმხლებ შეიარაღებულ დაცვას უნდა დაეწყო სროლა. საგულისხმოა, რომ შსს-ის მიერ დაკავებულ პიროვნებას თან აღმოაჩნდა სახელმწიფო დუმის წევრის წერილი,” – განაცხადა მან.
სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მამაკაცი, რომელიც შსს-ს ცნობით ალექსანდრე კუზნეცოვია, ვიდეოკამერის წინ ზის და ყვება პროვოკაციის დაგეგმვის გეგმას.
ორგანიზაციის ”ნაში” აქტივისტები 15 აპრილს ცხინვალში ჩავიდნენ ”რუს, ოს და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის” კამპანიის ფარგლებში. აქტივისტებმა ცხინვალში აქცია გამართეს ლოზუნგით ”სააკაშვილი – სამხედრო დამნაშავე”.
ბოლო დღეების მანძილზე ქართული ტელეკომპანიები აქტიურად აშუქებდნენ ორგანიზაციის აქტივისტების გეგმებს და აცხადებდნენ, რომ მათ ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე სურდათ მისვლა. თუმცა, გაურკვეველი იყო, თუ როგორ აპირებდნენ ორგანიზაციის აქტივისტები თბილისში ჩამოსვლას, რადგანაც აგვისტოს ომის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტილია, ხოლო სეპარატისტული რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლა საქართველოს ხელისუფლების ინფორმირების გარეშე უკანონოდ ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)