რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები მშვიდობიანად გაგრძელდება
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 16 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვი ”კმაყოფილებით აღნიშნავს”, რომ საქართველოს ”მწვავე” შიდა პოლიტიკური პროცესები მშვიდობიანად მიმდინარეობს.
”ამასთან ერთად ჩვენ არაერთხელ შევჯახებივართ ოფიციალური თბილისის ”სულელურ ჩვევას” შიდა პრობლემებიდან გამოსავალი ეძიოს საგარეო აგრესიაში,”- განაცხადა ნესტერენკომ, ”გვაქვს რა კონკრეტული ინფორმაცია ამ პერიოდში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ პროვოკაციული მოქმედებების მაღალი ალბათობის შესახებ, რუსეთის მხარემ მიიღო გამაფრთხილებელი ზომები ამ რესპუბლიკების და იქ დისლოცირებული ჩვენი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი [ზომები] არ არის რაღაც ექსტრაორდინალური და ხორციელდება გეგმიურ კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე შავის ზღვის მიმდებარე აკვატორიაში”.
რუსული მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ”ამ ღონისძიებების დასრულების” შემდეგ სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდებიან.
”ასე რომ, საუბარია ქმედებებზე, რომელთაც აქვთ სუფთა დემონტრატიულ-გამაფრთხილებელი ხასიათი,”- განაცხადა ნესტერენკომ.
მისი თქმით, ”ახალი პროვოკაციების” მზადების თვალსაზრისით რეალური საფრთხე მოდის საქართველოსგან, რომელიც ”საერთაშორისო დამკვირვებლების ცხვირწინ” ახდენს სპეცდანიშნულების რაზმების და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას სეპარატისტული რეგიონების სიახლოვეს.
ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს გარშემო პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას იმოქმედოს ”შემდგომი დაძაბულობის და რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით”. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსული საფრთხის რეალიზაცია პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობის დონეზე.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეტენზიებს გამოთქვამს მაისში საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო წვრთნების მიმართ.
”ნატოს მონაწილეობის დემონსტრირება იმაში, რაც ეხება საქართველოს რეჟიმს, არ გაუგზავნის სწორ სიგნალს მათ, ვისაც გულწრფელად სურს მიაღწიოს ვითარების სტაბილიზაციას კავკასიაში,”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 აპრილს, ”ვიმედოვნებ, რომ ნატო ქვეყნები გეგმავენ რა ურთიერთქმედებას საქართველოსთან ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში, თავიდან აიცილებენ ნაბიჯებს, რომელთაც შეუძლია კვლავ უბიძგოს საქართველოს რეჟიმს ყველაფრის დაშვებისა და დაუსჯელობის გრძნობის გაღვივებისკენ”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ის სტუმრობს, განუცხადა ”როიტერს”, რომ საქართველო სუვერენული უფლებაა უმასპინძლოს ნებისმიერ წვრთნებს.
”ეს არ არის ბატონი ლავროვის დისკრეცია ან კომპეტენცია გვიკარნახოს, თუ რა სახის წვრთნები უნდა ჩავატაროთ ჩვენ საქართველოში,”- განაცხადა მან.
წვრთნები, რომლის მომზადებაც 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 1 300 სამხედრო ნატოს 19 წევრი და პარტნიორი სახელმწიფოდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)