პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო
დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს გააზრებული აქვთ და ”მხარს უჭერენ” იდეას იმის შესახებ, რომ არმიაში მიდიან სამშობლოსათვის ”თავის გასაწირად”.
”ჩვენ მათ [დაღუპული ჯარისკაცების] საქმეს, რა თქმა უნდა, მივიყვანთ ბოლომდე,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს, ”დღეს არმიაში გაწვევის მსურველი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე იყო ომამდე”.
მასთან ერთად ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ჯერ-ჯერობით მოუწყობელია, თუმცა უკვე ცნობილია ის ტიპიური ფორმა, თუ როგორ სახეს მიიღებს ის საბოლოოდ.
რუსეთ-საქართველოს ომს, თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელი ცნობებით, სულ 170 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, აქედან 10 მეომრის ცხედარი ამოუცნობია და კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)