ალასანია სააკაშვილთან შეხვედრის მზადყოფნას ადასტურებს

ხელისუფლების უარმა რეფერენდუმთან დაკავშირებით ალიანსი საქართველოსთვის ინიციატივაზე კიდევ უფრო გაზარდა უნდობლობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

”ვთვლი, რომ რეფერენდუმის იდეა ადრე ბევრად უფრო მომხიბვლელი იყო, ახლა კი გარკვეულწილად დაგვიანებულია,” – განაცხადა ალასანიამ გაზეთ ”კვირას პალიტრასთან” ინტერვიუში.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიცია მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილთან შესახვედრად და არსებული კრიზისის დაძლევის შესახებ წინადადებების და არგუმენტების მოსასმენად.

”ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია თმობს თავის მოთხოვნას პრეზიდენტის გადადგომასთან და ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ალასანიამ და იქვე დასძინა: ”საბოლოოდ, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ინტერესები არის უზენაესი, რაც ყველა მოთხოვნაზე მაღლა უნდა დავაყენოთ”.

კითხვა, თუ როგორი შეიძლება იყოს კომპრომისი მოლაპარაკებების შემთხვევაში, ალასანიამ უპასუხა: ”წინასწარ შეუძლებელია ილაპარაკო, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდნენ მხარეები მოლაპარაკების პროცესში. ჩემი აზრით, ობიექტურად შექმნილ გარემოებათა გამო ამ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდე არჩევნებია”.

”აქვე  მინდა აღვნიშნო – ჩვენ არ ვებრძვით კონკრეტულ პერსონებს, ჩვენი ამოცანაა სისტემის შეცვლა, რომელმაც კრიზისში შეიყვანა ქვეყანა. რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტთან შეხვედრა შედგა, საშუალება გვექნება მოვისმინოთ, თავად ამ კრიზისიდან რეალურ გამოსავლად რას მიიჩნევს,” – დასძინა მან.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მას კონტაქტები აქვს გიორგი ბარამიძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)