სააკაშვილი: გრძელდება მშვიდობიანი ბრძოლა დეოკუპაციისთვის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იმ ფაქტის საერთაშორისო აღიარება, რომ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე აგვისტოს ომის წინ და ამ კუთხით საქართველო ”ბევრად უკეთეს დგომარეობაში” იმყოფება, ვიდრე ომამდე.
”ჩვენ არ მოგვიწერია ხელი და არასდროს ჩემი მთავრობა – და ჩვენი მთავრობა არის 2013 წლამდე და შემდგომაც იმედია საქართველოში მოხდება ამ კურსის გაგრძელება – არასდროს არ მოაწერს ხელს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც ერთი გრამით მაინც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,” – განაცხადა სააკაშვილმა 20 აპრილს.
მან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე და მისი მოადგილე დავით ნაირაშვილი წმინდა გიორგის ორდენებით დააჯილდოვა აგვისტოს ომში გამოჩენილი გმირობის გამო. ომის დროს ჭანკოტაძე საქართველოს საარტილერიო ძალების მეთაური იყო, ნაირაშვილი კი – საჰაერო ძალების მეთაური.
”არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა საქართველოს ოკუპაციის შედეგები,” – განაგრძო სააკაშვილმა, ”[რუსებმა] ვერ მოახერხეს ვერანაირი საერთაშორისო ლეგიტიმაცია; უფრო მეტიც, დღეს, საერთაშორისო დელეგიტიმაციის კუთხით აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში ჩვენ ვართ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით თუნდაც ერთი წლის წინ. რატომ? იმიტომ, რომ პირველად ნათლად ითქვა, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და არასდროს მსოფლიო არ შეეგუება ამ ტერიტორიის დე ფაქტო სტატუსს. თუმცა აგვისტომდე – ჩვენ დიპლომატებს ახსოვთ – მუდმივად ეს ეჭვის ქვეშ ისმებოდა და მუდმივად იყო კითხვების დასმა”.
”დღეს ამაზე აქვს ნათელი პოლიტიკა ევროკავშირს, ნათელი პოლიტიკა ამაზე ჩინეთს და ე.ი. მთელ აზიას და ნათელი პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს ძალიან ნათლად გამოხატა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ამას წინანდელ განცხადებებში. ამ მხრივ ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ”.
”რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული; რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე აშენებს ბაზებს ჩვენ ტერიტორიაზე; რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ართულებს ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი იქ დარჩენილი ჩვენი მოსახლეობის და იქიდან გამოსული ასობით ათასი ჩვენი დევნილის ბედს და მომავალს. მაგრამ საქართველო გაძლიერდება, საქართველო დადგება ფეხზე, საქართველო ჩამოყალიბდება თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ და ამის პარალელურად, არც ერთი დღე ჩვენ არ შევეგუებით ამ ოკუპაციას, არც ერთი დღე ვერ იგრძნობს თავს ოკუპანტი მშვიდად ამ სიტუაციაში და ყოველდღე გაგრძელდება ჩვენი მშვიდობიანი, დიპლომატიური ბრძოლა იმისათვის, რომ ამ ოკუპაციის შედეგები დატრიალდეს უკან,” – განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს ინტერესებში არასდროს ყოფილა ცუდი ურთიერთობების ქონა რუსეთთან. ”ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე,” – დასძინა მან.
”როდესაც ამბობს ესა თუ ის რუსი პოლიტიკოსი: ”ჩვენ არ დაველაპარაკებით საქართველოს ამ მთავრობას” – და შეიძლება ვიღაცამ საქართველოში დასვა კითხვა: კარგი, არ დაელაპარაკებიან ამ მთავრობას და ხომ არ ჯობია, რომ მაშინ ეს მთავრობა საქართველოში არ იყოს? მე მინდა შეგახსენოთ, რომ მათ კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ გამსახურდია და კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ შევარდნაძე. და თუ მათ უნდა გადაწყვიტონ საქართველოში რომელი მთავრობა უნდა იყოს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო დრო, როცა წყდებოდა მოსკოვში საქართველოს მთავრობის პერსონალური შემადგენლობა იყო ძველი დრო და მაგ დროს საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა, ჩვენ ვიყავით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”როდესაც რუსი პოლიტიკოსები ამბობენ: ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა საქართველოსთან – მე მინდა ყველას, ვისაც უნდა ეს ადვილად დაიჯეროს, კარგად გადახედოს იმ რუკებს, რომელიც იბეჭდება დღეს რუსეთში. როცა ამბობენ ისინი: ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობა – ისინი საქართველოში გულისხმობენ თბილისს, ქართლის ნაწილს, კახეთს, იმერეთის ნაწილს და შეიძლება რაჭა-ლეჩხუმსაც. მათთვის საქართველო ის არ არის, რაც არის ჩვენთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის”.
სანამ არის ასეთი ხედვა რუსეთში, განაგრძო მან, საქართველო უნდა იყოს ”უკიდურესად ფრთხილად” და ”მაქსიმალურად თავშეკავებული”.
”ჩვენი მთავარი ამოცანაა სიმშვიდე და განვითარება,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)