ოპოზიცია საპროტესტო აქციების ”გადამწყვეტი ეტაპისთვის” ემზადება
მომიტინგეები პარლამენტის წინ დღეს 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც ოპოზიციის თქმით, დაიწყება მათი კამპანიის გადამწყვეტი ეტაპი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებისთვის.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მომიტინგეების მხოლოდ მცირე ჯგუფები განაგრძობდნენ ოცდაოთხსაათიან მორიგეობას პარლამენტის, პრეზიდენტის რეზიდენციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ.
20 აპრილს ოპოზიციური პარტიების ლიდერები კონსერვატორების ოფისში შეიკრიბნენ სამოქმედო გეგმის განსახილველად. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 21 აპრილიდან თბილისში გამართულ აქციებს შეუერთდებიან მომიტინგეები აღმოსავლეთ საქართველოდან, ხოლო მომდევნო დღეებში სხვა რეგიონებიდანაც. ოპოზიცია სამოქმედო გეგმის ზოგიერთ დეტალს დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გამოაცხადებს.
საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეგიონებიდან მხარდამჭერთა ჩართვას ”სიმბოლური ხასიათი” აქვს, რაც მიზნად ისახავს კამპანიაში საქართველოს სხვა ნაწილების ჩართვას და არა მომიტინგეთა რაოდენობის ზრდას აქციებზე.
”იმ ტალღას, რომელსაც ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ, უნდა ჰქონდეს ყოველდღიური ზრდის ტენდენცია,” – განაცხადა მან.
შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც კონსერვატორების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა და რომელშიც ნათქვამია, რომ ”სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა არა მხოლოდ ქვეყანა მიიყვანა ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე, არამედ ხელისუფლების მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით შეცვლაც უკიდურესად რთული გახადა”.
”მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და არაერთხელ განგვიცხადებია, რომ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური კალაპოტიდან ამოგდება კიდევ უფრო დიდ განსაცდელს უქადის მთელ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის აქტივისტებზე და მომიტინგეებზე თავდასხმები მიზნად ისახავს ”ძალადობრივ დაპირისპირებაში” ჩათრევას, ”იმ იმედით, რომ ასეთ შემთხვევაში იგი [ხელისუფლება] შეძლებს საკუთარი ძალადობის ლეგიტიმაციას”.
”საზოგადოებამ ამ გამოწვევას ადეკვატური და ეფექტური პასუხი გასცა და ძალადობას ძალადობითვე არ უპასუხა,” – ნათქვამია განცხადებაში, ”პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ ხელისუფლებას სხვა აღარაფერი დარჩენია, თუ არა უფრო მასშტაბური პროვოკაციების მოწყობა. ყოველ მოცემულ ვითარებაში კანონი ჩვენს მხარეს იქნება. ყველა ჩვენი მოწოდება და მოქმედება არის და იქნება კანონიერი და არაძალადობრივი. გამძლეობით და სიმტკიცით ჩვენ მივაღწევთ სააკაშვილის გადაყენებას”.
20 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შსს-ის თქმით, ოპოზიციის აქტივისტია, უყვება გამომძიებლებს ვიდეოკამერის წინ, რომ ოპოზიციის რამოდენიმე წარმომადგენელს, რომელთაც ის არ აკონკრეტებს, სურდა მანქანასთან დაკავშირებით მისი კერძო ინციდენტის გამოყენება, რათა წარმოეჩინა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის აქტივისტზე.
ვიდეომასალა იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც როგორც ოპოზიცია, ისე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აქტიურად აკრიტიკებდნენ სამართალდამცავ ორგანოებს ოპოზიციის აქტივისტების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე თვალის დახუჭვის გამო.
ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ვიდეოზე მისი პარტიის აქტივისტი იყო და პარტიამ იცოდა მომხდარი ინციდენტის თაობაზე. პარტიის წევრმა რომან კუსიანმა 20 აპრილს განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ, მამაკაცმა თავად შესთავაზა, რომ ისე წარმოეჩინათ ინციდენტი, რომლის დროსაც მას სცემეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა. კუსიანის თქმით, პარტია მაშინვე გაემიჯნა ამ მამაკაცს და არასდროს უთქვამს, რომ ინციდენტი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)