აშშ: ნატოს წვრთნები საქართველოში ”პროვოკაციული” არ არის

ნატოს მიერ საქართველოში დაგეგმილი მრავალეროვნული წვრთნები არ არის ”პროვოკაციული” და ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი მნიშვნელოვანია წინსვლისთვის და ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა 21 აპრილს.

”ნატოს წვრთნები არის ნატოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალური ნაწილი,” – განაცხადა მან, ”და ამ წვრთნების მიზანია დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ნატოს სტანდარტებს. მე ვიცი, რომ რუსეთმა შეშფოთება გამოხატა ამ წვრთნებთან დაკავშირებით. ეს წვრთნები არ უქმნის საფრთხეს რუსეთს, ან სხვა ვინმეს და ის ძალიან დიდი ხნის წინ დაიგეგმა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატოს წევრი სახელმწიფოები ”ცივი ომის კონფრონტაციულ ლოგიკაზე” დაბრუნებაში დაადანაშაულა. 

მისი თქმით, დიპლომატიური მტრობის ფესვები დევს ნატოს ”ცალმხრივ პოზიციაში” აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ლავროვის თქმით, ალიანსის წევრებმა ”კონფლიქტის მიზეზების ირგვლივ მსჯელობაზეც კი უარი განაცხადეს”.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილ წვრთნებში თავდაპირველად მონაწილეობა უნდა მიეღო ნატოს 19 წევრ და პარტნიორ სახელმწიფოს. თუმცა, რუსეთის პროტესტის შემდეგ, 21 აპრილს ყაზახეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სერბეთი, ესპანეთი, მაკედონია, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. 
 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)