კონფლიქტის მხარეები და საერთაშორისო დამკვირვებლები ერგნეთში შეიკრიბებიან

ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები, ასევე რუსული ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის და ეუთოს ხელშეწყობით 23 აპრილს შეხვედრას გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოთხშაბათს.

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ყველა მხარის მიერ 18 თებერვალს ჟენევაში შეთანხმდა, პირველი შეხვედრა ერგნეთში გაიმართება 13:00 საათზე.

ჟენევის შეხვედრის მონაწილე მხარეები 18 თებერვალს შეთანხმდნენ ”ინციდენტების ერთობლივი აღკვეთისა და საპასუხო მექანიზმების წინადადებებზე”. ეს მექანიზმები მოიცავს ყოველკვირეულ ან თუ საჭირო გახდება უფრო ხშირ შეხვედრებს ”იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე დაძაბულობის ზონებში და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)