ოპოზიციის თქმით, აქციას რეგიონებიდან მეტი მხარდამჭერები შეუერთდებიან
კვირის ბოლოსთვის რეგიონებიდან სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჩამოვა თბილისის საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა 22 აპრილს.
ასობით ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა 22 აპრილს რეგიონებიდან ჩამოვიდა იმ კამპანიის ფარგლებში, რომლის ორგანიზებაც რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განახორციელა, მათ შორის ეროვნულმა ფორუმმა, პარტია თავისუფლებამ და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის.
გუშინ საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”აქცენტები” საუბრისას თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოსთვის 24 აპრილს გეგმავს თავისი მხარდამჭერების ჩამოყვანას რეგიონებიდან.
პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციამ გადაწყვიტა მხოლოდ აქტივისტების და მხარდამჭერების ნაწილის მობილიზება და ჩამოყვანა დედაქალაქში.
კითხვაზე, თუ რა არის ოპოზიციის სტრატეგია, თინა ხიდაშელმა განაცხადა: ”ამ კითხვაზე ყველაზე მოკლე და მარტივი პასუხი იქნება – "მაიდანი”. მას მხედველობაში ჰქონდა კიევის დამოუკიდებლობის მოედანი, რომელიც ცნობილია როგორც მაიდანი – სადაც კარვების ქალაქი გაშენდა, რამაც საბოლოო ჯამში ნარინჯისფერი რევოლუცია გამოიწვია 2005 წლის იანვარში.
”ქართული მაიდანი,” – განაგრძო მან, ”ეს ხალხი იდგება რუსთაველის მოედანზე, სანამ არ მიაღწევენ თავიანთ მიზანს. ხალხი თვენახევარი იდგა კიევის მაიდანზე – ეს უფრო მეტს მოითხოვს, თუ ნაკლებს, ჩვენ ვიდგებით რუსთაველის გამზირზე იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა, და ასევე იდგეbა საკნები – საკნები, რომელიც საუკეთესო გამოხატულებაა იმ მდგომარეობისა, რომელშიც ქვეყანა ახლა იმყოფება – ახლა მთელი ქვეყანა საკანშია,” – განაცხადა მან.
”ჩვენ ერთადერთი სტრატეგია გვაქვს – ჩვენი სიმტკიცით დავამარცხოთ ხელისუფლება,” – დასძინა ხიდაშელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)