კონფლიქტის მხარეთა შეხვედრა ერგნეთში გაიმართა

23 აპრილს ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების, ასევე რუსული ძალების და ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლების მონაწილეობით გაიმართა პირველი შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, რომელზეც შეთანხმებას მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს მიაღწიეს.

შეხვერდა სპეციალურად დადგმულ კარავში გაიმართა სოფელ ერგნეთში მდებარე ქართულ და სამხრეთ ოსურ საგუშაგოებს შორის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ ”კონკრეტულ საკითხებზე რაიმე შეთანხმებას” მხარეებმა ვერ მიაღწიეს. 

”შევთანხმდით იმაზე, რომ ეს მექანიზმი საჭიროა და შევთანხმდით იმაზე, რომ შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ გაიმართება მაისის დასაწყისში,” – განუცხადა უტიაშვილმა ჟურნალისტებს ერგნეთში. კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით შესათანხმებელია.

რუსეთის სახმელეთი ძალების შტაბის მეთაურის მოადგილემ სერგეი ანტონოვმა განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ მხარეები შეთანხმდნენ გახსნან ”24-საათიანი ცხელი ხაზი”. ამგვარი ”ცხელი ხაზის” გახსნა მხარეთა შორის კონტაქტების დასამყარებლად ასევე ჟენევის თებერვლის შეხვედრაზე გადაწყდა.

მოგვიანებით 23 აპრილს შოთა უტიაშვილმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა გახსნას ამგვარი ”ცხელი ხაზი” და უკვე გამოყო კიდეც საველე ოფიცერი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან ამ მიზნით. მისი თქმით, ახლა სამხრეთ ოსურ მხარეზეა დამოკიდებული, რომ გადადგას ანალოგიური ნაბიჯი. უტიაშვილის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა, უკვე დადებითი მოვლენაა.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)