ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პიკეტირებას” იწყებს

რამოდენიმე ათასი მომიტინგე 23 აპრილს, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, პარლამენტის წინ შეიკრიბა საპროტესტო აქციების მეთხუთმეტე დღეს.

ოპოზიციური პოლიტიკოსების გამოსვლების შემდეგ მომიტინგეთა ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრა, რათა პროტესტი გამოეხატათ მიმდინარე აქციების არაობიექტური გაშუქების გამო.

მომიტინგეებმა კოსტავას ქუჩა გადაკეტეს, ხოლო ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებირვი მაუწყებლის პერმანენტულ პიკეტირებას იწყებენ და ასევე გადაკეტავენ მოძრაობას კოსტავას ქუჩაზე.

ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის გადადგომა მოითხოვა ”ავანსად”, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა იქნება მიღწეული.

”ჩვენ მოვუწოდებთ ყუბანეიშვილს, გენერალურ დირექტორს ამ არხისა, გადადგეს,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”ჩვენი აქცია იქნება მშვიდობიანი პიკეტირების აქცია. არ დასრულდება მანამ, სანამ არ დასრულდება ამ ქვეყანაში პირველი პირი, სანამ არ გადადგება მიხეილ სააკაშვილი და წინასწარ ავანსად ვითხოვთ გადადგეს ლევან ყუბანეიშვილი”.

პირველმა არხმა მხოლოდ ეს განცხადება გაუშვა პირდაპირ ეთერში 20 საათზე თავის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.

მანამდე ოპოზიციის ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ საკნების რაოდენობას გაზრდიან საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც ტროტუარზე მანამდეც იყო იმპროვიზირებული საკნები განთავსებული.

ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა მოქალაქეებს გაუძლონ ამ ნაბიჯით გამოწვეულ ავტოსატრანსპორტო პრობლემებს, რადგან ”სამანქანო პრობლემის გაძლება ჯობია სააკაშვილის გაძლებას საქართველოსთვის”.

”ეს ტელევიზია არ არის ვანო მერაბიშვილის ჯიბის, ეს არის ხალხის ტელევიზია,”- განაცხადა მან საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე, ”ლევან ყუბანეიშვილი უნდა გადადგეს, წაეთრეს აქედან, თორემ ვერ ასცდება ხალხის და ჩემ რისხვას”.

ალიანსი საქართველოსთვის წევრმა ირაკლი ალასანიას გუნდიდან ზურაბ აბაშიძემ მომიტინგეებს განუცხადა, რომ ”მოთმინების ფიალა ნელ-ნელა იზრდება” საზოგადოებრივი არხის მიმართ, რადგან ”არ არის ობიექტური გაშუქება არცერთი აქციების”.

”ჩვენ არ მოვედით იმისთვის რომ რომელიმე ჟურნალისტს დავუპირისპირდეთ, ჩვენ ვუპირისპირდებით სისტემას,”- მიმართა მან მომიტინგეებს.

იმავდროულად, 23 აპრილს ქართული ტელეკომპანიები იტყობინებოდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებმა დილით გზიდან საკნები აიღეს, რასაც მოყვა მცირე დაპირისპირება ოპოზიციის აქტივისტებთან. თუმცა, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს ”ადგილობრივი მაცხოვრებლები” იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც ხელისუფლების მითითებით მოქმედებდნენ.  

პარლამენტის წინ მიტინგის მიმდინარეობისას ლევან გაჩეჩილაძემ 23 აპრილს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის რაიონულმა ორგანიზაციამ დატოვა პარტიის რიგები და ოპოზიციის პროტესტს შეუერთდა. მან ეს ადამიანები მომიტინგეებს წარუდგინა. მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ”განსხვავებული ხედვები” თვენახევრის წინ გაირკვა და მათთვის ეს გადაწყვეტილება სიახლე არ ყოფილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)