პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

”საკნების ქალაქი” კოსტავას ქუჩაზე; 24 აპრილის დილა. ფოტო: Civil.Ge

ოპოზიციის ერთი აქტივისტი დააპატიმრეს და გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც გვიან ღამით მარჯანიშვილის ქუჩაზე შეხლა-შემოხლა მოხდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციის აქტივისტების ჯგუფმა, რომელსაც ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერიც ახლდა, მარჯანიშვილის ქუჩაზე ღამის 2 საათზე საპროტესტო აქცია მოაწყო კაფესთან, სადაც მომიტინგეების თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა. ხმაურიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის დროს დაშავდა ერთ-ერთი პოლიციელი. ტელევიზიებმა უჩვენეს თავის არეში დაშავებული პოლიციელი, რომელიც ინციდენტის ადგილიდან სხვა პოლიციელებს გაყავდათ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ორი აქტივისტი იქნა დაკავებული. თუმცა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, რომელიც ინციდენტის დროს სიტუაციას აკვირდებოდა, განაცხადა დღეს დილით, რომ ერთი აქტივისტი იქნა დაკავებული. ჩხეიძემ განუცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს, რომ დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი. მან რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ საქმის მეტი შესწავლაა საჭირო.

პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ასევე მივიდა ინციდენტის ადგილას, განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არაადეკვატურად იქცევა. ”როდესაც ნახევარი ქალაქი ქუჩაში დგას, სააკაშვილი ქეიფობს, რითიც კიდევ უფრო აღიაზიანებს ახალგაზრდებს,” – განაცხადა მან.  

იმავდროულად, რამოდენიმე ათეულმა მომიტინგემ ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაათენა, სადაც ოპოზიციამ 23 აპრილს საღამოს ”საკნები” ჩადგა და კოსტავას ქუჩა გადაკეტა.

”საკნებია” ასევე განთავსებული თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, ასევე მთავრობის კანცელარიის წინ. უშუალოდ პროტესტის ადგილებში, პოლიცია კვლავ ჩაურევლობის ტაქტიკას ინარჩუნებს.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 24 აპრილს გაავრცელეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დამონტაჟებული ვიდეოთვალით გადაღებული კარდები, სადაც ნაჩვენებია, რომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბადრი ბიწაძეს ხელკეტი უჭერავს ხელში. კადრში ასევე ჩანს რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც ხელში სავარაუდოდ ბეიზბოლის ჯოხები უჭერავთ. ტელეკომპანიების თქმით, ბიწაძე ”ხელკეტებს” საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილ ოოზიციის მხარდამჭერებს ურიგებს.    

დღესვე მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან ოპოზიციის მეტი მხარდამჭერი შეუერთდება თბილისში მიმდინარე აქციებს. ალიანსი საქართველოსთვის ლიდერები ამ დღეებში რეგიონებში მხარდამჭერთა მობილიზებას ახორციელებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)