უგულავა: ვეცდებით დასუფთავების საკითხები მოგვარდეს

მსახიობი ნანა შონია პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიას ასუფთავებს, 13 აპრილი. ფოტო: ინტერპრესნიუსი


თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ”ძალიან წუხს” იმის გამო, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების ადგილების სიახლოვეს ვერ ხერხდება სრულყოფილი კომუნალური მომსახურების გაწევა, მათ შორის დასუფთავება და ასევე ტრანსპორტიs ნორმალური ფუნქციონირება.

”მე ძალიან ვწუხვარ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთაწმინდისა და სოლოლაკის მიმდებარე ქუჩები, სადაც ფიზიკურად ტრანსპორტი ვეღარ მიდის და ვერ მიდის ასევე დასუფთავება და ელემენტარული კომუნალური სამსახურები, დღეიდან ჩვენ მოვახერხებთ, იმედია, სხვადასხვა გზით შევიდეთ და ელემენტარულად დასუფთავების საკითხები მაინც მოგვარდეს,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს.

”სამწუხაროდ, წყლისა და კანალიზაციის სამუშაოები იქ ვერ ტარდება და დაზიანების შემთხვევაში ძალიან ძნელია ოპერატიული გადაადგილება,”- განაცხადა თბილისის მერმა.

”ტრანსპორტის თვალსაზრისითაც გვაქვს პრობლემები. ახლა სხვადასხვა მარშრუტები დგება იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ ქონდეთ პრობლემა,”- აღნიშნა მან.

9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, 22 აპრილიდან სამანქანო მოძრაობა შეწყდა თავისუფლების მოედანზეც, სადაც ოპოზიციამ ”საკნების ქალაქი” განალაგა, 23 აპრილს საღამოს კი გადაიკეტა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ კოსტავას გამზირიც, სადაც ასევე დამატებით განათავსეს იმპოვიზირებული ”საკნები”.

23 აპრილს ქართული ტელეკომპანიები იტყობინებოდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებმა დილით გზიდან საკნები აიღეს, რასაც მოყვა მცირე დაპირისპირება ოპოზიციის აქტივისტებთან. თუმცა, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს ”ადგილობრივი მაცხოვრებლები” იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც ხელისუფლების მითითებით მოქმედებდნენ.

აქციების დაწყებიდან მესამე დღეს, 11 აპრილს ღამით რუსთაველის გამზირზე მოხდა ”დარბევის” ინციდენტი მას შემდეგ, რაც დემონსტრაციის ადგილზე დასუფთავების სამსახურის ფორმაში ჩაცმული ადამიანები მივიდნენ. ამ ინციდენტის შემდეგ თბილისის მერმა განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილებაა მუნიციპალური, მათ შორის დასუფთავების და სახანძრო სამსახურების, დისტანცირება ოპოზიციის საპროტესტო აქციებიდან პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით. ანალოგიური მიდგომა აირჩია პოლიციამაც.

უგულავამ 12 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მერია მოამარაგებს მომიტინგეებს დასუფთავებისათვის საჭირო აღჭურვილობით.

ოპოზიციამ ქალაქის სამსახურები თავისი მოვალეობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მიტინგის ცალკეულმა მონაწილეებმა თავად დაიწყეს ყოველდღიურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. 

23 აპრილს ოპოზიციამ დაიქირავა სატვირთო მანქანა დასუფთავების შედეგად შეგროვებული ნაგვის გადასაყრელად; გავრცელებული ინფორმაციით, მათ ამის გაკეთება თბილისის მერიის შენობის გავლით გადაწყვიტეს, რათა ნაგვის ნაწილი სიმბოლურად მერიის წინ დაეყარათ იმის გასაპროტესტებლად, რომ მუნიციპალიტეტი არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. თუმცა მანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ნაგავსაყრელზე გადაიყვანეს მერიის წინ ნაგვის დაყრის განზრახვის ჩასაშლელად, რასაც მცირე შეხლა-შემოხლის ინციდენტი მოჰყვა პოლიციასა და კონსერვატიული პარტიის წევრს ბიძინა გუჯაბიძეს შორის, რომელიც ნაგვის გადაყრაში იღებდა მონაწილეობას.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)