სააკაშვილი სოფიაში ენერგოსამიტს დაესწრება

პრეზიდენტი სააკაშვილი 24 აპრილს სოფიაში გაემგზავრა ენერგოსამიტზე დასასწრებად, სადაც ის პროექტები იქნება განხილული, რომლებიც ევროპაში გაზის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

”როგორც ჩანს მართლა რაღაც სერიოზული პროექტები ჩვენ გამოგვდის,” – განაცხადა სააკაშვილმა თბილისის აეროპორტში  გამგზავრებამდე, ”ეს პროექტები მოკლე ვადიანად ნიშნავს, რომ საქართველოში დაიწყება დიდი მშენებლობები, ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. და გრძელვადიანად ეს არის ჩვენი ქვეყნის ბევრად მეტი დაცულობა, ბევრად მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენი მნიშვნელობის გაზრდა ევროპისთვის. ჩვენ გამოვედით დსთ-დან, მაგრამ სადღაც ხომ უნდა ვიყოთ, ამიტომ ინტეგრაცია ევროპის  მიმართულებით, შუა აზიის მიმართულებით, ეკონომიკურ სივრცეში ენერგეტიკა იქნება გადამწყვეტი, პოლიტიკურ სივრცეში და ამასთან დაკავშირებით 7 მაისს ჩვენ პრაღაში ვაწერთ ხელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას. ესე იგი პირველად ინსტიტუციურ კავშირს ვამყარებთ ევროკავშირთან და აქაც ენერგეტიკა თამაშობს მთავარ როლს. თანდათან მძივებივით  ეწყობა ჩვენი ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ნიშნავს საქართველოს მრავალვექტორულ მიმართულებას, ჩვენ, როგორც ევროატლანტიკური მიმართულების ასევე ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით ყველა სხვა ჩვენი მეზობლის მიმართულებით”.

”აგვისტოს შემდეგ ბევრი რაღაც, რა თქმა უნდა,  გაძნელდა  და გაგვირთულა თავიდან, მაგრამ ახალი გადალაგება ხდება გეოპოლიტიკური წესრიგის ჩვენს გარშემო და აქ ასეთი სამიტები, როგორიც არის სოფიაში, არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგები, რომელსაც იგრძნობენ კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეები თავისი ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით,” – განაცხადა მან.

სოფიაში სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ენერგო ბიზნეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისეთი წამყვანი ენერგოკომპანიები, როგორიცაა რუსეთის ”გაზპრომი”, გერმანული RWE, ფრანგული GDF Suez, ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანია, აზერბაიჯანული SOCAR და Qatargas. ამ კომპანიების წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნაბუკოს გაზსადენის პროექტი და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთის ნაკადის გაზსადენი, იტყობინება Associated Press-ი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)