პარლამენტის და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია მიმდინარეობს
24 აპრილს მომიტინგეები პარლამენტის წინ აქციების მე-16 დღეს შეიკრიბნენ. მსგავსად წინა დღეებისა, მიტინგზე გამომსვლელები ოპტიმისტური განწყობით აღნიშნავდნენ, რომ მათი ბრძოლა ”მალე” ან ზოგიერთის თქმით, ”რამდენიმე დღეში” დასრულდება.
”ის [მიხეილ სააკაშვილი] მალე წავა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან; ის წავა პოლიტიკიდან სამუდამოდ,”- განუცხადა აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ”საკნების ქალაქში” 300-მდე იმპროვიზირებული საკანია განთავსებული და მათში ყოველღამე 800 ადამიანი ათევს ღამეს. ”ეს ადამიანები არიან გმირები,”- განაცხადა მან.
იმავდროულად, დასავლეთ საქართველოდან ოპოზიციის მხარდამჭერთა ავტოკოლონები ჩამოვიდა თბილისში მიმდინარე აქციასთან შესაერთებლად. რეგიონებიდან მხარდამჭერთა ჩამოყვანის მეორე ტალღის ორგანიზატორია ალიანსი საქართველოსთვის. ალიანსის განცხადებით, მისი აქტივისტები რუსთაველის გამზირზე იმპროვიზირებულ საკნებში განთავსდებიან.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პარასკევს საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაიძრა, სადაც 23 აპრილს დამატებითი საკნები განათავსა და კოსტავას გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)