ოპოზიცია ”საკნების ქალაქით” ზეწოლას აძლიერებს


რუსთაველის გამზირი, 25 აპრილი. ფოტო: Civil.Ge

ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები, ძირითადად ისინი, რომლებიც ბოლო დღეების მანძილზე რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე განთავსებულ ასზე მეტ იმპროვიზირებულ საკანში ათენენ ღამეს.

ლითონისა და თოკისგან დამზადებულ თითო საკანზე სულ ცოტა ორი ლეიბი მოდის და მის ბინადრებს წვიმისგან პოლიეთილენი იცავს.

საკნების მწკრივი რუსთაველის გამზირზე სასტუმრო "თბილისი მარიოტიდან" იწყება, შემდეგ პარლამენტისკენ მოდის და თავისუფლების მოედანზეც გრძელდება. 

პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია, ასევე მისი შემოგარენი საკნებისგან თავისუფალია, რათა მომიტინგეებსაც დარჩეთ ადგილი.

ანალოგიური საკნები, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობის, მთავრობის კანცელარიის წინაც არის განთავსებული, სადაც ასევე გადაკეტილია ქუჩა. საკნებია ასევე განთავსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, რის შედეგადაც კოსტავას ქუჩა გადაიკეტა.

აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათი კამპანია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ დიალოგი შესაძლებელია ოპოზიციასთან ყველა ძირითად საკითხზე, გარდა პრეზიდენტის გადადგომისა.

მიტინგზე გამომსვლელი ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობა საკმაოდ ოპტიმისტურია თავის გამოსვლებში და აღნიშნავენ, რომ მათი ბრძოლა ”მალე” ან ზოგიერთის თქმით, ”რამდენიმე დღეში” დასრულდება.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა 24 აპრილს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, რომ მას ხშირად ეკითხებიან უცხოელი ჟურნალისტები, თუ რამდენად ახლოსაა ოპოზიცია თავის მიზანთან, ”მაგრამ ჩვენ არ ვსვამთ ამ კითხვას: რამდენად ახლოს არის მიზანი, რადგანაც ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც აუცილებელია რამდენადაც შორს არ უნდა იყოს ის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)