სააკაშვილი ბულგარეთთან ურთიერთობებს მიესალმება
საქართველოს ”უპრობლემო” ურთიერთობები აქვს ბულგარეთთან, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სოფიაში, სადაც ენერგოსამიტში მონაწილეობის პარალელურად ასევე შეხვდა ბულგარეთის პრეზიდენტს გეორგი პარვანოვს.
”ბულგარეთის არის ჩვენთვის ძალიან კონკრეტული, ძალიან სასარგებლო სავაჭრო პარტნიორი. ბულგარეთი არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში დღეისათვის, სადაც ჩვენ უფრო მეტი შეგვაქვს და უფრო მეტს ვყიდით, ვიდრე ბულგარეთს შემოაქვს საქართველოსი და ყიდის,”- განაცხადა მან, ”ჩვენ უნდა ეს ურთიერთობები გავზარდოთ… მიუხედავად იმისა, რომ აქ [ბულგარეთში] ბევრი სხვადასხვა გავლენა არის, ყველა საკითხი და ყველაზე უფრო მგძნობიარე საკითხიც კი, რომელიც გვქონია ბულგარეთთან, საერთოდ უპრობლემოდ წყდება”.
მან ასევე განაცხადა, რომ ბულგარეთთან ექსპორტ-იმპორტის არსებული ბალანსი მაგალითი უნდა გახდეს სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც მსგავსი ეკონომიკური ურთიერთობების ”ასაწყობად”.
”ყველგან უნდა შევეცადოთ შევქმნათ ჩვენი საექსპორტო ბაზა, ყველა ბაზარზე შევიდეთ, ყველაფერი ვაწარმოოთ ჩვენთან ძირითადად, წავიდეთ და ჩვენი ეკონომიკა ავაღორძინოთ სწორედ ჩვენი ექსპორტის გაფართოვებით, როგორც ეს მოხდა ბულგარეთში,”- განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)