ბაქრაძის თქმით, შსს-ის მაღალჩინოსანი თავის მეგობრებს გაეხუმრა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 26 აპრილს, რომ ვასილ სანოძე თავის მეგობრებს გაეხუმრა, როდესაც აივნიდან წყლით სავსე ცელოფნის პარკი ესროლა.

სტუდია ”მაესტრომ” უჩვენა კადრები, სადაც ჩანს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, რომელიც გამოდის აივანზე და ქვემოთ ისვრის წყლით სავსე ცელოფნის პარკს. შემდეგ იგი ნაჩქარევად ბრუნდება ოთახში. ”მაესტროს” თქმით, წყლით სავსე პარკი ქვემოთ მდგარ ოპოზიციის აქტივისტებს ესროლეს.

”მე ვუყურე ამ კადრებს და დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ მაცნობეს, რომ ეს იყო წყლით სავსე ცელოფანის პარკი, რომელიც ბატონმა სანოძემ თავის თანამშრომლებს ესროლა ხუმრობით,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” 26 აპრილს. 

”ხუმრობთ?” – კითხა გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის თავმჯდომარეს. 

”აჩვენეთ ჩანაწერი, თუ ვის დაეცა ეს ცელოფნის პარკი,” – განაცხადა ბაქრაძემ. ვიდეომასალაში, რომელიც შორიდანაა გადაღებული, მხოლოდ სროლის მომენტი ჩანს და არ ჩანს თუ რა ხდება ამ დროს ქვევით.

”მე სულაც არ ვხუმრობ; იქ ჩანს, რომ ადამიანმა ვიღაც გაწუწა აივნიდან; დიახ, შესაძლოა ეს ცუდი ხუმრობა იყოს, მაგრამ დანაშაული არ არის… ეს შესაძლოა ცუდი საქციელია და ამაზე რეაგირება სამინისტროს შიგნით მოხდება… არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ან ვიდეომასალა იმის თაობაზე, თუ სად დაეცა პარკი”.

ვასილ სანოძე, შსს-ს კიდევ რამოდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად, სამსახურიდან 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაათავისუფლეს. 25 აპრილს შსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ოფიციალურად სანოძეს რაიმე თანამდებობა არ უკავია. თუმცა, ქართული მედია იტყობინება, რომ იგი სულ ცოტა ხნის წინ აღადგინეს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გადაცემაში საუბრისას დავით ბაქრაძეს არც უხსენებია, რომ სანოძეს უფლებამოსილება კვლავ შეჩერებული აქვს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)