ამერიკელი დიპლომატი: საქართველო აშშ-რუსეთის ”განსაკუთრებული უთანხმოების” საკითხად რჩება
აშშ-რუსეთის ურთიერთობებში საქართველო კვლავ რჩება ”განსაკუთრებული უთანხმოების” საკითხად, რომელსაც ”ფრთხილი მართვა სჭირდება”, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა.
27 აპრილს ვაშინგტონში რუსეთის მსოფლიო ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე საუბრისას ბერნსმა განაცხადა, რომ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, რუსეთსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობა ასევე წარმოადგენს უთანხმოების საგანს.
”მსოფლიოს დიდი ნაწილი არ ეთანხმება რუსეთის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიების აღიარების თაობაზე – გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის კუთხით აშკარა შეშფოთება გამოიწვია,” – განაცხადა მან, ”ლონდონში [დიდი ოცეულის სამიტზე] ჩვენმა პრეზიდენტებმა კვლავ დაადასტურეს 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებების განხორციელება, ასევე ჟენევის დისკუსიების [აუცილებლობა], რომელიც რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ისახავს მიზნად და რომელიც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ნდობის აღსადგენად”.
”მართალია აშშ-ს ესმის რუსეთსა და მის მეზობლებს შორის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური კავშირები, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის უფლებას თავად განსაზღვრონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა და თავად გააკეთონ არჩევანი ალიანსებთან დაკავშირებით,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)