ოპოზიციის აქტივისტის თქმით, მან თავად დაწვა საკუთარი მანქანა

ოპოზიციის აქტივისტმა რესპუბლიკური პარტიიდან განუცხადა პოლიციას, რომ მან თავად დაწვა საკუთარი მანქანა, რათა შემდეგ ეს PR-კამპანიისთვის გამოეყენებინა იმის საჩვენებლად, რომ იგი ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების სერიის მსხვერპლი გახდა.

28 აპრილს რეპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ყვარელის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს ვანო ლომიძეს ოთხი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სცემა, როდესაც ის თბილისიდან ბრუნდებოდა. პარტიამ და თავად ლომიძემაც განაცხადეს, რომ თავდამსხმელებმა მისი მანქანაც დაწვეს.

მოგვიანებით, 28 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლომიძემ თავად დაწვა საკუთარი მანქანა, რომელიც დაზღვეული იყო. სამინისტროს განცხადებით, ლომიძემ ბოთლით ორი ლიტრი ბენზინი იყიდა. მისივე თქმით, ბოთლი ლომიძის თითის ანაბეჭდებით დამწვარი მანქანის მახლობლად იქნა ნაპოვნი.

29 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ლომიძის ჩვენების ვიდეოჩანაწერი, სადაც ის აღიარებს საკუთარი დაზღვეული მანქანის დაწვას. შსს-მ ასევე განაცხადა, რომ ლომიძეზე თავდასხმას ან მის ცემას ადგილი არ ჰქონია.

რესპუბლიკური პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ლომიძის აღიარებითი ჩვენების გარემოებები გაურკვეველია. თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ლომიძე ჩვენების მიცემამდე პოლიციაში რვა საათის მანძილზე იმყოფებოდა ადვოკატის გარეშე.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს 29 აპრილს: ”ეს სასაცილოა; თქვენ შესაძლოა მალე ნახოთ ჩემი აღიარებითი ჩვენებაც, რომელშიც მე შესაძლოა ვთქვა, რომ ჩემი საკუთარი სახლი დავწვი და ბოთლი ჩემი თითის ანაბეჭდებით პოლიციას დავუტოვე”.   

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)