ევროპის საბჭომ აგვისტოს ომის ჰუმანიტარულ შედეგებზე რეზოლუცია მიიღო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 აპრილს მიიღო რეზოლუცია რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის იანვრის რეზოლუციის დამატებაა.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ”უზრუნველყონ ყველა დევნილის ნებაყოფლობითი დაბრუნება უსაფრთხოდ და ღირსეულად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”.
”ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები სამხრეთ ოსეთში მიწასთანაა გასწორებული გარდა რამოდენიმე სახლისა. სავსებით ნათელია ტერიტორიის ეთნიკური ქართველებისგან გაწმენდის განზრახვა,” – ნათქვამია რეზოლუციაში, ”არსებობს აშკარა მტკიცებულება სამოქალაქო ობიექტების და ოსების სახლების განადგურებისა, რაც ომის დროს ქართულმა სამხედრო ძალებმა განახორციელეს”.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ კვლავ მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანს წარმოადგენს ეთნიკური ქართველების მდგომარეობა ”ახალგორის ოკუპირებულ რაიონში”.
”მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს არ აიძულებენ დატოვონ თავიანთი სახლები მუქარის ან ძალადობის გზით, მათ წინაშე ბევრი ისეთი პრობლემა დგას, რომელიც, მოუგვარებლობის შემთხვევაში, გამოიწვევს ამ რეგიონიდან ადამიანების შემდგომ წამოსვლას,” – ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციის თანახმად, ამ პრობლემებში შედის შეზღუდვები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთაზე, ქართულ ენაზე სწავლება, ზეწოლა ოსური პასპორტების აღებასთან დაკავშირებით, ასევე ”ცალკეული პირების მიერ დისკრიმინაციული ქმედებები და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები”.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ”გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ან თავი შეიკავოს მისი იმგვარად განხორციელებისგან, რომელიც შესაბამისობაში არ იქნება ადამიანის საერთაშორისო უფლებებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან”.
კანონი, რომელიც 2008 წლის ოქტომბერს შევიდა ძალაში, უკრძალავს უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს შევიდნენ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში გარდა იმ მიმართულებებიდან, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს. ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან შესვლა – მაგალითად რუსეთიდან, თბილისის ნებართვის გარეშე – საქართველოს კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ტოლფასია. კანონი არ შეიცავს რაიმე ნათელ გამონაკლისს ჰუმანიტარულ ან საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით.
ვენეციის კომისიამ განიხილა ეს კანონი და განაცხადა მარტში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის კრიმინალიზაცია ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ყოველგვარი გამონაკლისის გაკეთების გარეშე, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად წესებს. ვენეციის კომისიამ ასევე განაცხადა, რომ ასევე შეშფოთების საგანს წარმოადგენს საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ კანონის უკუქცევითი გამოყენება.
იგივე საკითხებია ასევე წამოწეული საინფორმაციო მოხსენებაში, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა (ლუკ ვან დენ ბრანდემ დ მათიას იორშმა) წარმოადგინეს და რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 აპრილის სხდომაზე განიხილა. მოხსენება ასკვნის, რომ საქართველომ ჯერ ვერ შეასრულა სრულად ასამბლეის ყველა მოთხოვნა, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, მოთხოვნათა უმეტესობა ვერ დააკმაყოფილა და ”შესაძლოა ისიც ითქვას, რომ ის კიდევ უფრო სცილდება აზრიანი დიალოგისთვის საჭირო მინიმალურ პირობებს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)