ოპოზიციის ლიდერები უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ
ოთხი ოპოზიციონერი ლიდერი დღეს თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ შეხედულებები გაუზიარა.
შეხვედრაში, რომელიც ევროკომისიის დელეგაციის ოფისში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ჩეხეთის ელჩმა ივან ჟესტრაბმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთი ხედვა გააცნეს ელჩებს და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული სიტუაცია.
”ჩვენ ასევე გავაცანით ჩვენი შეხედულებები,” – განაცხადა მან, ”ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი აზრით, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეების უფლებაა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები დემონსტრაციის გზით; ამავე დროს, ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკური დიალოგის დაწყებას, რადგანაც სწორედ ეს არის, ჩვენი აზრით, როგორც უნდა გადაწყდეს პოლიტიკური საკითხები”.
”ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით იმის საჭიროებას, რომ დაცული უნდა იყოს მართლწესრიგი და ქალაქის შეფერხება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი,” – განაცხადა ელჩმა.
”ოპოზიციის ლიდერებმა გვითხრეს, რომ ისინი არ არიან დიალოგის წინააღმდეგ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად; თუმცა, მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი დგას – პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა,” – დასძინა მან.
შეხვედრის შემდეგ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ოპოზიციის სურვილია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ”ობიექტურად შეაფასოს” მიმდინარე მოვლენები.
”ჩვენ ავუხსენით ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ, დამატებით ყველა კონკრეტული მაგალითის ჩამოთვლით – რატომ ითხოვს ქართველი ხალხი პრეზიდენტის გადაყენებას და ბუნებრივია, ჩვენ ხაზი გაუსვით იმ გარემოებას, რომ არავის არ ვთხოვთ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ობიექტური შეფასება გააკეთოს იმის, თუ რა ხდება ქვეყანაში. რამდენად დემოკრატიულად იქცევა ქვეყნის ხელისუფლება. მიუხედავად იმისა რომ ღიად არ არბევს მიტინგებს. ახალი წესები შემოიღეს და ახლებურად არბევენ ამ მიტინგებს და ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტირებას. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს,” – განაცხადა ბურჯანაძემ.
”რაც შეეხება მოქალაქეებისთვის პრობლემების შექმნას, ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის და უნდა იყოს ნაკლები პრობლემები ჩვენს მოსახლეობას და მეტი პრობლემები ხელისუფლებას. უბრალოდ არის ვითარება, როცა, სამწუხაროდ, იძულებით ვართ იმისათვის რომ ხელისუფლებაზე განვახორციელოთ წნეხი, შევქმნათ ის უხერხულობები, რომელიც იქმნება,” – განაცხადა მან.
”ჩვენ მათ [დიპლომატიურ კორპუსს] მოვუწოდეთ, რომ თქვენც ამ დიალოგში ხელისუფლებასთან, რომელსაც აწარმოებენ, როგორც ჩვენთან, ისევე ხელისუფლებასთან შეიძლება თვითონ იზრუნონ იმაზე, რომ ზოგიერთი დემოკრატიის დარღვევები, როგორიც არის ინსტიტუციების არ ფუნქციონირება, პოლიციის არ ფუნქციონირება, მედიის არ ფუნქციონირება – ამაში უფრო აქტიურად მონიტორინგის ფორმით ჩაერიონ და ამ დიალოგიდან თვითონ მიიღონ შედეგები. … ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის სააკაშვილის გადადგომაა, ოღონდ მშვიდობიანი გზით, ისე რომ ამ სახელმწიფოში არაფერი არ დაშავდეს,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.
”დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენ შეხვედრები გვაქვს რეგულარული. გავაცანით მიმდინარე საპროტესტო აქციები და ჩვენი სტრატეგია, გეგმები,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”ელჩებმა აღნიშნეს, რომ აქციები მიმდინარეობს კანონის და დემოკრატიის სტანდარტების ფარგლებში, რომ ოპოზიცია აშკარად აკონტროლებს სიტუაციას”.
”ჩვენ ვუთხარით ისიც, რომ თუ ისინი მიიღებენ უფრო აქტიურ მონაწილეობას ზოგადად პრობლემების მოგვარებაზე – ჩვენ არ ვთხოვთ თანადგომას მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ თუ ისინი მათსავე დოკუმენტებში და რეკომენდაციებში კიდევ უფრო წამოწევენ საკითხებს – ეს ეხება მედიას, პოლიციას, საარჩევნო სისტემებს და სხვა თემებს – ეს იქნება კარგი ყოველგვარი ამ საპროტესტო აქციების კონტექსტის გარეშე,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
”ელჩები, რა თქმა უნდა, მოწადინებული არიან იმისთვის, რომ ქვეყნის პრობლემები გადაწყდეს დიალოგის გზით, მაგრამ მათ ესმით ჩვენი არგუმენტებიც, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავახსენეთ რა შედეგი მოგვიტანა იმ ე.წ. დიალოგმა რაც ერთი წლის წინ იყო ქვეყანაში, სწორედ გაზაფხულზე 2008 წლის. და ჩვენ ვუთხარით, რომ დიალოგს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სერიოზული გარანტიები და თუ იგი ეხება ძირითად საკითხს – ხელისუფლების შეცვლას, მიხეილ სააკაშვილის წასვლას თანამდებობიდან,” – დასძინა უსუფაშვილმ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)