PACE-ს მომხსენებელები მოლაპარაკებებისკენ წინაპირობების გარეშე მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოზე, მათიას იორშმა და კასტრიო ისლამიმ მოუწოდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დაიწყონ ”ღია და ჭეშმარიტი” დიალოგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

საინფორმაციო მოხსენება, რომელიც იორშმა და ისლამიმ ძირითადში მარტის ბოლოს საქართველოში ვიზიტის შედეგების საფუძველზე მოამზადეს, 30 აპრილს გახდა საჯარო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მოთხოვნა დაიწყოს დიალოგი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის პირობებზე ”ხელს არ უწყობს” დიალოგის დაწყებას.

”მეორეს მხრივ, ხელისუფლების მიერ ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობის აპრიორი გამორიცხვა როგორც მოლაპარაკებების საკითხისა, ასევე არ უწყობს ხელს ჭეშმარიტი დიალოგის დაწყებას. შეთანხმება ვადამდელი არჩევნების შესახებ უნდა იყოს ერთ-ერთი ამოცანა დიალოგისა და არა მისი წინაპირობა,” ნათქვამია საინფორმაციო მოხსენებაში, რომელსაც რაიმე სავალდებულო ძალა არ გააჩნია და საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ინფორმირებას ისახავს მიზნად.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სწრაფი ვადამდელი არჩევნების მთელი სერია ”ხელს არ უწყობს დემოკრატიულ სტაბილურობას,” თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ავტორები ”მთლიანად აღიარებენ მოქალქეთა უფლებასა და სურვილს გამოხატონ თავიანთი შეხედულება ქვეყნის ხელისუფლების მიმართ,” განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც ქვეყანამ ისეთი კრიზისი გადაიტანა, როგორიც  აგვისტოს ომი იყო.

”იმის გათვალისწინებით, რომ არ გვსურს ჩვენი დასკვნა წარმოვადგინოთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ ჩატარების აუცილებლობაზე, ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი აზრით, საქართველოში არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს თუ ყველა პოლიტიკურ ძალას შორის არსებობს მკაფიო შეთანხმება ძალაუფლების საკონსტიტუციო დაყოფასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასა და კანონმდებლობაზე (ანუ თამაშის წესებზე). თუ ასე არ მოხდა, მაშინ არჩევნები მხოლოდ უფრო გააძლიერებს დღეს არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას,” – ნათქვამია დოკუმენტში.

”წინაპირობები მოლაპარაკებების დასაწყებად არ უნდა იქნას დაყენებული და არც ერთი საკითხი არ უნდა იყოს აპრიორი გამორიცხული მოლაპარაკებებიდან,” – ნათქვამია მოხსენებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)