ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება განაახლა

ოპოზიციის აქტივისტებმა და ლიდერებმა ორშაბათს დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება განაახლეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელს ოპოზიციის აქტივისტების ცოცხალი ჯაჭვი აქვს შემორტყმული, რის გამოც ტელევიზიის თანამშრომლებს უკანა შესასვლელის გამოყენება უხდებათ. ჭიშკართან კი, სადაც იმპროვიზირებული საკანია დადგმული, ოპოზიციის აქტივისტების მეორე ჯგუფს ე.წ. ”სირცხვილის დერეფანი” აქვთ გაკეთებული, სადაც თანამშრომლებს გავლა უწევთ ოპოზიციის აქტივისტების საპროტესტო შეძახილების ფონზე.

”უმეტეს შემთხვევაში ტელევიზია აკეთებს ძალიან ტენდენციურ სიუჟეტებს, განსაკუთრებით საინფორმაციო სიუჟეტებს, რომელიც არ აძლევს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას, რომ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ადამიანს მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებაში ეხმარება,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და წელს ამ მიზნით 25.5 მლნ ლარია გამოყოფილი.

”შენც, შენს უფროსსაც ამ დაწესებულებაში ფულს ვუხდით ჩვენ და უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ და მთელ საზოგადოებას იმით, რომ გადასცემდეთ ობიექტურ ინფორმაციას,” – განუცხადა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელმაც განუცხადა მოპიკეტეებს: ”არ მაქვს მე უფლება ჩემი მოვალეობა შევასრულო?” 

ოპოზიციის ლიდერები 12 საათისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გააკეთებენ განცხადებას შემდგომი გეგმების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)