სააკაშვილი თურქეთში ვიზიტის შესახებ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 4 მაისს, რომ იგი ცოტა ხნის წინ თურქეთს სტუმრობდა, თუმცა დასძინა, რომ ეს იყო საქმიანი ვიზიტი. ამით მან უარყო ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოთხი დღით აპირებდა დასვენებას ბოდრუმის საზღვაო კურორტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ დაასახელა, თუ სად იმყოფებოდა თურქეთში, მისი განცხადება იყო აშკარა პასუხი თურქული მედიის ინფორმაციაზე ბოდრუმში მის სტუმრობაზე, რომელიც შემდეგ ქართულმა მედიამ აიტაცა, ხოლო სახელმწიფო ტელევიზიებმა ამას იგნორირება გაუკეთეს.
თურქული მედია წყაროები 25 აპრილს იტყობინებოდნენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შაბათს ჩავიდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში დასვენების დღეების გასატარებლად. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საქართველოში გავრცელდა, რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათ შორის ნინო ბურჯანაძემ, ბრალი დასდო სააკაშვილს ”არაადეკვატურ” მოქმედებებში, რადგან ის დასასვენებლად წავიდა მაშინ, როცა ხალხი პროტესტს გამოთქვამს.
26 აპრილს, ოფიციალურმა პირებმა უარყვეს თურქული მედიის ცნობები და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა სოფიაში და საქართველოში კვირას დაბრუნდა. სააკაშვილი თბილისში 26 აპრილს დაბრუნდა და იმავე დღეს გამოჩნდა ტელევიზიით.
”სხვათა შორის საეჭვოდ დაინტერესდა ბევრი თურქეთში რატომ გამოვიარე ამას წინათ და მინდა გითხრათ, ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც მე და ლევანი [ვარშალომიძე] ვიყავით არის ის, რომ ჩვენ ვიყავით სასათბურე მეურნეობების სანახავად, ახალი ტექნოლოგიების სანახავად, რომელიც უახლოეს თვეებში ჩამოგვაქვს,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”დაისვა კითხვა რას აკეთებს ვარშალომიძე-სააკაშვილი თურქეთში, ემირატებში და ა.შ., მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ სიარულს, მაინც გავაგრძელებთ მოძიებას, მაინც გავაგრძელებთ ხალხთან ურთიერთობას”.
სააკაშვილმა ეს განცხადება აჭარაში ”პუმას” თურქული საწარმოს გახნისას გააკეთა.
თავის გამოსვლაში, რომელიც დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკაზე და განაცხადა, რომ ეკონომიკური სირთულეების გადასალახავად ქვეყანას ”ერთიანობა” და ”სტაბილურობა” სჭირდება.
”საქართველო იმისათვის რომ იყოს ერთიანი ქვეყანა, სჭირდება რომ იყოს ძლიერი ეკონომიკა და სჭირდება რომ იყოს სანიმუშო და მიმზიდველი მთელი რეგიონისთვის. ამისათვის საჭიროა ბევრი ბრძოლის მოგება. მთავარი ჩვენი მტერი დღეს არის უმუშევრობა და სიღარიბე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სტაბილურობა და არაკორუმპირებული გარემოს შენარჩუნება. რა ლოზუნგებითაც არ უნდა დაგვიპირისპირდნენ და რა პოლიტიკურ რიტორიკასაც არ უნდა მიმართონ, ჩვენ გვჭირდება ამისათვის დასახულ კურსზე ძალიან მყარად დგომა და გაგრძელება ამ კურსის,” – განაცხადა მან.
”ახლა კრიზისული მოვლენის ქვეშ არის საქართველო, როგორც დანარჩენი მსოფლიო, მაგრამ ჩვენ მართლა გვაქვს შანსი თუ ვიქენით ჭკუით, თუ გავაგრძელეთ ის, რაც დავიწყეთ, საქართველო ამ კრიზისიდან გამოვიდეს გაძლიერებული და ჩვენ გამოვიდეთ უფრო მდიდრები,”- განაგრძო მან, ”საქართველოს ევროპაში აქვს ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკური რეფორმები… ეს რეფორმები ახლა იძლევა შედეგს, იმიტომ მოდის ახლა აქ ინვესტორი. დღეს მსოფლიოში ქარხნები არსად აღარ იხსნება, ჩვენთან – იხსნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)