საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას გაანთავისუფლოს სამი აქტივისტი
საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ”მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება” და გაანთავისუფლოს ის სამი ახალგაზრდა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
ქვემოთ მოყვანილია განცხადების სრული ტექსტი:
"საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებას გამოთქვამს პოლიციის სამმართველოსთან დღეს განვითარებული მოვლენების გამო. სიტუაცია ფეთქებადსაშიშია; მით უმეტეს, რომ იგი განვითარებულია იმ ფონზე, როცა ისედაც თვეზე მეტია რთული ვითარებაა ქვეყანაში. ამიტომაც შესაძლებელია მცირე მიზეზიც კი უმართავი პროცესების დაწყების საბაბი გახდეს.
ჩვენ, ყველამ, – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ეკლესიამ და მთელმა საზოგადოებამ ახლა განსაკუთრებით უნდა მოვინდომოთ, რომ ნაბიჯები გადავდგათ სიტუაციის განმუხტვისა და არა მისი ესკალაციისაკენ.
აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მივმართავთ ხელისუფლებას და ვთხოვთ, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის სამი ახალგაზრდა, რომლებიც დაკავებულნი არიან კანონდარღვევის ბრალდებით, გაათავისუფლონ, რათა დაძაბულობის მიზეზი მოიხსნას.
ვფიქრობთ, ეს იქნება ამ ეტაპზე გადადგმული გონივრული ნაბიჯი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც აგვაცილებს თავიდან.
ასევე მივმართავ პოლიტიკურ პარტიებსა და ჩვენს მოსახლეობას, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა მოვლენები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს.
ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს საქართველო."
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)