მომიტინგეებმა პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
რამოდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ შუაღამისას მას შემდეგ, რაც თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციის ლიდერებმა გაამართლეს მათი წასვლა სამმართველოსთან, სადაც დაპირისპირების შედეგად რამოდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა მომიტინგეებს, რომ მათი მსვლელობა მიზნად ისახავდა იმ სამი ახალგაზრდას გათავისუფლების მოთხოვნას, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა მომიტინგეებს: ”ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა ბოლო მოვუღოთ ამ ძალადობას”.
”ჩვენ ძალას არ ვიხმართ და ეს დღეს ვაჩვენეთ, როდესაც [მომიტინგეები] მივიდნენ პოლიციასთან შიშველი ხელებით იმ ახალგაზრდების გასათავისუფლებად, რომელთა წინააღმდეგაც ძალა გამოიყენეს დაპატიმრების შემდეგ. ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ ტყვიები და სისხლი. თითოეული ჩვენთაგანის ვალია შევაჩეროთ ეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენი ერთობა და სიმშვიდე ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენ მიზნამდე მიგვიყვანს,”- განაცხადა მან.
”როდესაც ხელისუფლება უკანონობას სჩადის, ჩვენ არ ვართ ვალდებული ამას შევეგუოთ,” – განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ. ”ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის; ჩვენ ამის ლეგიტიმური უფლება გვაქვს”.
”ჩვენ კრიმინალებს და ტერორისტებს მივეცით ვადა 17:00 საათამდე [7 მაისს], რათა გაათავისუფლონ მძევლები; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ გავათავისუფლებთ მათ; ამას ვეღარ მოვითმენთ,” – განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
”მანიაკი, ავადმყოფი ადამიანი არის ქვეყნის ლიდერი. სააკაშვილი არის საქართველოს პრობლემა,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან და დასძინა იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც ოპოზიციის თქმით, აქტივისტებზე თავდასხმებში მონაწილეობენ: ”ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, ჩვენ ვიცით თქვენი მისამართები, მაგრამ ამ სიას ახლა არ წავიკითხავთ; თუმცა, საათები რჩება სანამ ამ სიას წავიკითხავთ და საქართველოს არ აკლია მონადირეები”.
ოპოზიციური პოლიტიკოსები კვლავ მიმართავდნენ მომიტინგეებს პარლამენტის წინ, რომელთა რაოდენობაც ღამის 2:40 საათისთვის შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)